თეთრი სახლის ინფორმაციით 13 თებერვალს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რობინ დანიგენი წარადგინა.
რობინ დანიგენი, ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
მანამდე დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე.
სხვადასხვა დროს, ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას; მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
დანიგენმა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ინგლისურის გარდა, საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე.
ელჩის კანდიდატურას პრეზიდენტის წარდგინების შემდეგ აშშ-ის სენატი განიხილავს და ამტკიცებს.
ამჟამინდელი ელჩი, კელი დეგნანი, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტმა ტრამპმა 2019 წლის სექტემბერში დაასახელა, სენატმა კი იმავე წლის დეკემბერში დაამტკიცა, საქართველოში საქმიანობას 2020 წლის 29 იანვრიდან ეწევა.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები