ჟურნალისტი, ტვ „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„მომავალი მთავრობა, რომელიც შეიქმნება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში პირველი შემადგენლობა, ყველა ვარიანტში ტექნიკური იქნება, გარკვეული თვალსაზრისით მაინც, ვინც არ უნდა შეარჩიოს ის – პრეზიდენტმა თუ თავად პარტიებმა. კონსტიტუციურად, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, დროითი ჩარჩო არის ისეთი, რომ სხვა შანსს ფაქტიურად არ ტოვებს იმ რეალობაში, რომელიც დიდი ალბათობით გვექნება ამ არჩევნების შემდეგ. ბარიერს გადალახავს 4 არაქოცური პარტია. არცერთ მათგანს, ან თუნდაც, 3 მათგანს ერთად სავარაუდოდ არ ექნება ისეთი უმრავლესობა, რომ მეოთხეს ხმები არ დაჭირდეს. ანუ, ეს 4 პარტია განწირულია თანამშრომლობისთვის. შეზღუდული დრო, რომელიც მთავრობის ფორმირებისთვის არის მოცემული, ყველა მათგანს აიძულებს უკან გაწიონ ის, რაც მათ აპირისპირებს (მათ შორის საკუთარი პერსონები) და წინ წამოწიონ ის, რაც აერთიანებს, ანუ საერთო ამოცანები, მათ შორის ქარტიის მიზნები. ხელების გადაგრეხვის და საკუთარი ეგოს ფხანის დრო და გარემოებები უბრალოდ არ იქნება, გამორიცხულია. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი იშლება და მოპოვებული შედეგი წყალში იყრება. დიდი გენიოსობა არ არის საჭირო, უბრალოდ პრაგმატიზმი და ზრდასრულობაა საკმარისი, რომ მიხვდე, კონსენსუსი უნდა მოიძებნოს და რამე ნეიტრალურ ფორმულაზე შეთანხმდე. და სავარაუდოდ ასეც მოხდება. ამ პროცესში ალბათ მოდერატორებიც იქნებიან საჭირო და საზოგადოების ჩართულობაც, პროცესის გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი და ჯანსაღი პროცესი. ახლა რა ხდება: პრეზიდენტი, სადღაც დახურულ ოთახში წერს ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას. სავარაუდოდ, პარტიების თანხმობის და მათთან მჭიდრო კონსულტაციების გარეშე. პარალელურად შანტაჟის ენით ელაპარაკება პარტიებს, რომ აი, გამოაქვეყნებს მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე. არადა, ნებისმიერი მთავრობა პარტიებმა უნდა დაამტკიცონ, მათთან კონსულტაციების გარეშე გამოქვეყნებული ნებისმიერი შემადგენლობა არჩევნების წინ უბრალოდ მორიგ საცირკო სანახაობას გამოიწვევს. რაღაცნაირი ნიშნისმოგებითი კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს და იგულისხმება, რომ თუ არ დაუჭერთ მხარს, თქვენს თავს დააბრალეთ რაც მოგივათ. პრეზიდენტს როგორც ჩანს იმედი აქვს, რომ ამით თვითონ არ დაზარალდება და მხოლოდ პარტიები დაზარალდებიან. მაგრამ სინამდვილეში დაზარალდება ყველა, ქოცის გარდა. ე.წ. პრეზიდენტის ფაქტორი, რომელიც ქოცების უმსგავსობისგან სასოწარკვეთილმა პროდასავლურმა საზოგადოებამ როგორღაც გამოჩორკნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისევე გაქრება, როგორც გაჩნდა, ყოველ შემთხვევაში, მისი პოზიტიური გავლენა ამ არჩევნებზე პრაქტიკულად განულდება. მე არ ვიცი რატომ აირჩია სალომე ზურაბიშვილმა კონფრონტაციული გზა მაშინ, როცა არჩევნებამდე ასე ცოტა დროა დარჩენილი და რის მიღწევას ცდილობს. ვისურვებდი, ვინმე ჭკუათმყოფელმა ურჩიოს, ეგო მოთოკოს და სარისკო ექსპერიმენტებს შეეშვას. ეს პარტიები, მოგვწონს თუ არა, ამ არჩევნებზე ჩვენი ინსტრუმენტები არიან ოცნების გასაშვებად და თუ ვინმე ახლა, არჩევნებამდე თორმეტი დღით ადრე მათი დაზიანების ექსპერიმენტს წამოიწყებს, ძალიან ცხადია რაც დაერქმევა, და პრეზიდენტს არ უნდა ქონდეს ზედმეტი ილუზიები.“
კომენტარები