ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
ვინმემ აუხსნას ამ გაუნათლებელს, რომ ჯარი ვისია, ვინ არის პასუხისმგებელი მის ქმედებებზე განისაზღვრება არა იმით, თუ რა ეროვნების არიან მასში მომსახურე ოფიცრები და ჯარისკაცები, არამედ იმით, თუ რომელ სახელმწიფოს წარმოადგენენ.
დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ ალექსანდრე მაკედონელიდან მოყოლებული, ყველა იმპერიის ჯარში მსახურობდა უამრავი სხვადასხვა ეროვნების მებრძოლი, ზოგი ნებაყოფლობით, ზოგი იძულებით. არავის არ მოუვა აზრად, მაგალითად, ნაპოლეონის არმიის ქმედებებზე პასუხი მოსთხოვოს პოლონელებს, იმიტომ რომ მასში ბევრი პოლონელი იბრძოდა.ჰოდა, ამ ბატონს ვინმემ აუხსნას, რომ როგორც ნაცისტური არმია იყო გერმანიის არმია, მიუხედავად იმისა, რომ მასში მილიონობით რუსი, ფრანგი, ბალკანეთის, ბალტიისპირეთის თუ სკანდინავიელი ხალხების წარმომადგენელი იბრძოდა, ასევე 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეების დამხოცველი არის რუსეთის წითელი იმპერიის ჯარი. შესაბამისად რუსეთის იმპერიაა მის ქმედებაზე პასუხისმგებელი. რაც პრემიერმა თქვა ან ელემენტარული უვიცობაა, ან ქართველი ერის სადამსჯელო ოპერაციის დროს ჩადენილ დანაშაულზე რუსეთის იმპერიის გამართლების უბადრუკი და უტვინო მცდელობა. სხვათა შორის, დღევანდელი რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სსრკ-ს მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე მას ეკისრება სამართლებრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა .
P.S. რა აზრსაც კობახიძე ანვითარებს, იმდენად დიდი იდიოტობაა, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მომიწია მსგავსი სისულელის მოსმენა. 1991 წელს რუსის ჯარი ვილნიუსში შეიჭრა და ტელეანძის შტურმისასა ოცამდე ადამიანი დახოცა. მეორე დღეს ზოგიერთი საბჭოთა რესპუბლიკის და ევროპელი ქვეყნების 20 პარლამენტართან ერთად მეც იქ ჩავედი. საღამოს გაიმართა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული პარლამენტარების სხდომა, რომელიც ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარის, ვიტაუტას ლანდსბერგისის წინადადებით მე მიმყავდა. იქ რუსი პარლამენტარებიც ესწრებოდნენ ელცინის გუნდიდან. ძალიან აიჭრენ, არ ვიცი იმაზე, რომ დიდი რუსეთის წარმომადგენლებს არ არგუნეს ამ სესიის წაძღოლა, თუ სხვა რამ იყო მიზეზი, მთელი სხდომა იკბინებოდნენ. ბუნებრივია ვცდილობდი, რომ არ მიმექცია მათი საქციელისთვის ყურადღება, არ იყო ამის ადგილი და თან მნიშვნელოვანი იყო, ელცინის გუნდს, ანუ, ე.წ. დემოკრატიული რუსეთის წარმომადგენლებსაც დაეგმოთ საბჭოთა იმპერიის ქმედება. სსრკ-ს დანაშაულებებზე საუბრის დროს მოულოდნელად ერთმა რუსმა დეპუტატმა თქვა, რომ 1961 წელს ნოვოჩერკასკის ტრაგედიაზე პასუხისმგებლები მარტო რუსეთი კი არა, ქართველების არიან, ვინაიდან იმ ნაწილებში, რომლებმაც ხალხი დახოცა, ქართველებიც მსახურობდნენ. მე პასუხის გაცემა ვინ მაცალა, იმას ისეთი დღე დაადგა ამ სიტყვებისთვის. მაგრად გადარჩა, რომ არ გაილახა და მგონი, თუ სწორად მახსოვს, სხდომის დატოვებაც მოუწია. მერე რუსეთის დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ბოდიში მომიხადა. ამას რატომ ვწერ ახლა. 35 წლის წინ, რუსეთის იმპერიაზე პასუხისმგებლობის ასარიდებლად, იგივე ნარატივს ავრცელებდა ოკუპანტის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რაც გუშინ კობახიძემ თქვა. ის ოკუპანტი იყო, იმპერიას წარმოადგენდა, ეს კაცი კი, ჩვენდა სასირცხვილოდ, საქართველოს პრემიერ მინისტრის სავარძელზე ზის და დღეს ქართულ სახელმწიფოს წარმოადგენს!
კომენტარები