ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე.
– ბატონო ზვიად, 17 სექტემბერს თქვენი ორგანიზაცია მართავს შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან… უფრო კონკრეტულად მოგვიყევით ამ შეხვედრის შესახებ?
– 17 სექტემბერს, 17 საათზე, მეტრო დელისთან მდებარე პროფკავშირების დარბაზში ვატარებთ სახალხო შეკრებას. ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, მაგრამ ამ ეტაპზე, მთავარი საკითხები გამოვყავით და მათ მოგვარებას ვეცდებით. ეს გახლავთ საკონსტიტუციო ცვლილებები: დავიბრუნოთ საკანონმდებლო ხარვეზების შედეგად წართმეული რეფერენდუმის უფლება, სლოვაკეთის მსგავსად ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ ნაღდი ფულის გაუქმება დაუშვებელია, პრეზიდენტი მომავალშიც ხალხმა აირჩიოს და არა სამასმა ადამიანმა, როგორც ეს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მერე ჩაწერეს. პარლამენტის წევრთა რაოდენობა კი შემცირდეს 150 კაციდან 100 კაცამდე. ეს ოთხივე საკონსტიტუციო ცვლილებებია. ასევე, კონსტიტუციის მიხედვით სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება აკრძალულია. თუმცა, იპოვეს გზა და უცხოლებზე სასოფლო მიწები მაინც იყიდება. სასოფლო–სამეურნეო მიწებს სტატუსს უცვლიან, გადაყავთ არასასოფლო–სამეურნეო მიწის კატეგორიაში და ისე ჰყიდიან უცხოელებზე. ეს პრობლემაც აუცილებლად მოსაგვარებელია. ამ საკითხის მოგვარება ორჯერ ვცადეთ 2018 და 2022 წლებში, ჩემი და ნიკოლოზ კიკნაველიძის კანონპროექტით. პარლამენტის აგრარული კომიტეტი დაგვეთანხმა, რომ ეს საკითხი მოსაგვარებელი იყო, მოიწონეს ჩვენი კანონპროექტი და შეგვპირდნენ, რომ მოაგვარებდნენ, მაგრამ არაფერი მოუგვარებიათ. ყველა საკითხის მოგვარებას, რომელსაც სახალხო კრებაზე გავიტანთ, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის დაკვეთაა და ჩვენ, საკანონმდებლო დონეზე მათ გადასჭრელად ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, საზოგადოების ბოლომდე გვერდში დგომა აუცილებელია, რომ ეს ბრძოლა მივიგოთ.
– თუ პარლამენტის დეპუტატების გამოწვევის საკანონმდებლო მექანიზმსაც შეიმუშავებდით და შესთავაზებდით სახალხო კრებას, უკეთესი არ იქნება?
– ეს ძალიან კარგად ჟღერს, 100 კაცს რომ ჰკითხოთ, ალბათ ყველა დაუჭერს მხარს, მაგრამ არარეალურად მეჩვენება. 2024 წლიდან საქართველოში მაჟორიტარული სისტემით არჩევნები უქმდება და საპარლემენტო არჩევნები მხოლოდ პარტიული სიით ჩატარდება. როგორ უნდა გამოიწვიოს ამომრჩეველმა პარტიული სიით პარლამენტში არჩეული დეპუტატები? ამის მოდელი არ არსებობს. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით რომ ტარდებოდეს არჩევნები, დეპუტატის უკან გამოწვევა მაშინ შეიძლება არსებობდეს, თუმცა კონკრეტული მექანიზმის მოფიქრება, თუ ვინ და როგორ იწვევს დეპუტატს უკან, არც მაშინ იქნება იოლი.
– ვინ იქნებით წარმოდგენილნი სახალხო კრებაზე?
– ამ შეკრებაზე ვეპატიჟებით ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისაღებია ამ საკითხების გადაჭრა, ვინც დაიღალა პოლიტიკური სპექტრის კინკლაობით, ქვეყნის უმნიშვნელოვანი საკითხების მათ მიერ უგულებელყოფითა და სხვა, მეორეხარისხოვანი თემების გადაფარვით… ყველას ველოდებით, ვისაც ამ ქვეყანაში რეალური ცვლილებები, კონკრეტული საკითხების მოგვრება უნდა და მზად არის, ჩვენთან ერთად ჩაერთოს ამ პროცესში. მსურველი ბევრია და საზოგადოება ნახავს და გაიგებს, ვინ დაესწრება კრებას.
– მხოლოდ კონკრეტული პირები მიიწვიეთ სახალხო კრებაზე თუ საზოგადოებვრივი ორგანიზაციებიც?
– რამდენიმე ადამიანის გარდა, პერსონალურად არავინ მოგვიწვევია, რადგან ვინმე გამოგრჩება და შემდეგ ნაწყენი დარჩება, ვისაც სურვილი ექნება და იზიარებს შეკრების მიზნებს, ყველას შეუძლია დაესწროს.
– როგორ მოხდება კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში? არიან დეპუტატები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და მოახდენენ მათ ინიცირებას?
– არა, ჩვენ ხელმოწერებს შევაგროვებთ და ასე მოხდება კანონპროექტების წარდგენა პარლამენტში, დეპუტატის თუ დეპუტატთა ჯგუფის მიერ მათი ინიცირება არ დაგვჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაკლებს 200 000 ადამიანის ხელმოწერა სჭირდება, ხოლო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის ამკრძალავ კანონში ცვლილებების შეტანას, რაც კანონში არსებულ ხარვეზებს გამოაწორებს, არანაკლებ 25 000 ადამიანის ხელმოწერა.
– კონკრეტულად, როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს ხარვეზები? რა ცვლილებების შეტანა გსურთ „მიწის კანონში“?
– ვითხოვთ, რომ საქართველოში ან უცხოეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შეეზღუდოს 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლა, არასასოფლოდ-სამეურნეო კატეგორიად დარეგისტრირების მიზნით და მათი კიდევ უფრო დანაწევრება რამოდენიმე ნაკვეთად, რომელთა საქმიანობას არ წარმოადგენს აგრობიზნესი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ამ ცვლილებით ის პრობლემა გვარდება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კანონში ასევე არის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების ინდიკატორები, თუ ამის საჭიროება დადგება კულტურული, ან სპორტული ნაგებობისთვის.
–რა შანსია, რომ ეს საკანონმდებლი ინიციატივები მიიღოს პარლამენტმა?
– ჩემი და სხვათა მონდომებით, პარლამენტმა მიიღო კანონი და შეჩერდა სასოფლო–სამეურნეო მიწის გაყიდვა უცხოეთის მოქალაქეებზე. კი, მოგვიანებით ამ კანონის გვერდის ავლით ახერხებენ მიწების ყიდვას უცხოელებზე, მაგრამ რომ არა ეს კონსტიტუციური ჩანაწერი, ასჯერ მეტი გაიყიდებოდა და ახლა სწორედ კანონის იმ ხვრელის ამოვსებაა საჭირო. ასევე, კონსტიტუციაში ჩავაწერინეთ ქორწინების დეფინიცია და უმაღლეს საკანომდებლო დონეზე აიკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება. გავუმკაცრეთ უცხოელებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, კოვიდტერორის დროსაც ჩვენ ბევრი მავნებლობა შევაჩერეთ, მწვანე პასპორტები იყო ეს თუ ტერორის სხვა საშუალებები. ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე. თუ ხალხმა იაქტიურა, ყველაფერს შევძლებთ. ტელე-მედიებში დაბლოკილები ვართ, მწირი ფინანსები გვაქვს და ამის მიუხედავად, მაინც შევძელით, რომ მნიშვნელოვანი კანონები მიეღო ხელისუფლებას თუ ცვლილებები შეეტანა არსებულ კანონებში. ასე რომ, ხალხის აქტიურობაზეა ყველაფერი დამოკიდებული.
– ადრე არაერთხელ გვისაუბრია ეროვნული ძალების გაერთიანებაზე. ამის არაერთი მცდელობა ჩაიშალა. ბოლო ხანს თუ შესთავაზეთ რომელიმე მათგანს ერთობა? თან, ეს მართლა ხალხის დაკვეთაა.
– კი, არა მარტო თქვენ, სხვებიც ხშირად მეკითხებიან გაერთიანების შესახებ. მაგრამ ყველასთან გაერთიანება ვერ მოხდება, რადგან სწორედ იმიტომ არიან „გამოშვებული ველზე“, რომ არანაირი ერთობა არ შედგეს. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთან გაერთიანების სურვილიც მქონდა, მაგალითად, ეს რიონის ხეობის მცველების მოძრაობა იყო და მათ შევთავაზე გაერთიანება, რომ რეფერენუმის უფლების ხალხისთვის დაბრუნებაზე და სხვა ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე ერთად გვებრძოლა. ეს ჩვენი, ორი ორგანიზაციის შერწყმა არ იქნებოდა, ეს იქნებოდა კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად ერთობლივი ბრძოლა. რაც ხალხს კიდევ მეტ სტიმულს მისცემდა. ვესაუბრე ვარლამ გოლეთიანს და დედამისს ქ–ნ მარიტას, რომ გავერთიანებულიყავით, ერთობლივი ძალებით უფრო მეტს მივაღწევდით ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვარლამმა უარი მითხრა გაერთიანებზე იმ მიზეზით, რომ ტაიმ–აუტის აღებას აპირებდა. თუ შეცვლიან გადაწყვეტილებას და 17–ში სახალხო კრებას დაესწრებიან, მოხარული ვიქნები.
– ეს როდის მოხდა?
– წელს, თებევრვალში.
– სხვებს არ შესთავაზეთ გაერთიანება?
– კი, სხვებსაც შევთავაზე რამდენიმეს, მაგრამ დიდი სურვილი არც მათ გამოუთქვამთ. ზოგმა რა დაასახელა მიზეზად, ზოგმა რა…
კომენტარები