“ვინც მიიღებს ამ კანონს, აქედან ვერ გამოვა ისე, რომ პასუხი არ გასცეს თავის ხალხს”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია საუბრობს, რომელიც პარტიის წევრებთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთანაა მისული.
“აქა ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. აქა ვარ, კი. [ჟურნალისტი: არის თუ არა პასუხი გუშინ სპეცრაზმის მობილიზებაზე]. არის პასუხი მაგაზე და დღესაც ველოდებით, რომ სპეცრაზმი კი არადა, პოლიციელები გამოვლენ, მაგრამ უცებ, უპს, აქ ვიქნებით ჩვენ. ვინც მიიღებს ამ კანონს, აქედან ვერ გამოვა ისე, რომ პასუხი არ გასცეს თავის ხალხს. აი, ეს არის პასუხი.
გადამალული წერილების გარდა, ჩვენ ისედაც ვიცით რას ეუბნებიან ჩვენი დასავლელი მეგობრები ამათ. ეუბნებიან იმას, რომ საქართველო ასე ევროკავშირში ვერ შევა და საქართველო თუ ევროკავშირში ვერ შევა, წერილები არ ვიცი, მაგრამ შალვა პაპუაშვილები, კოლექტიური, გადასამალი გახდებიან, ნამდვილად. ამიტომ ჯობია, რომ მოვრჩეთ ამ სისულელეს და რაღაცა სამარცხვინო თამაშებს და წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, ევროკავშირისკენ. ეს არის ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანი. წერტილია აქ, ნახეთ – არ გადაიხედება ეგ ამბავი და ვერც გადაიხედება. რამდენიც არ უნდა ეცადოს, რა წერილებიც არ უნდა დამალონ, რაც არ უნდა გააკეთონ, ეს ასეა და სხვანაირად ვერ იქნება. ვინც ამას წინ აღუდგება, ის წავა. ქართველი ხალხი კი არ შეცვლის არჩევანს, ან ევროპული გზა კი არ შეიცვლება, ვინც ამას წინ აღუდგება, ის წავა, – ამბობს ნიკა გვარამია.
“ახალის” წევრების ჭიჭინაძის ქუჩაზე მობილიზებას ადგილზე უკვე მოჰყვა შსს-ს მაღალჩინოსნების რეაგირება. მათ თქვეს, რომ არ უნდა მოხდეს შესასვლელების “ბლოკირება”.
,,მთავარი არხი”
კომენტარები