ჟურნალისტის მოგონებები
2003 წლის „ვარდების რევოლუციას“ მალევე მოჰყვა „აჭარის რევოლუცია“. ცხადია, ამ პროცესებში „ალიას“ რამდენიმე ჟურნალისტი ვიყავით ჩართულები. ასლან აბაშიძის კლანური მმართველობის შეცვლის მომხრე ვიყავი, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა. ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნებოდა, არჩევნების გზით დაეტოვებინა ხელისუფლება. მით უფრო, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე 4 თვეღა იყო დარჩენილი. ასლან აბაშიძე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის რანგში მართავდა აჭარას, თავის პარტია „აღორძინებასთან“ ერთად.
ახლა, როდესაც წარსულს გადავხედავ, გულწრფელად ვნანობ, რომ „აჭარის რევოლუციაში“ საერთოდ მონაწილეობა მივიღე. ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ, აჭარაში არაერთი რამ შეიცვალა, მაგრამ ქართველი ხალხის სასიკეთოდ, ბევრი არაფერი. კი, რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდა, მაგრამ ეს მოსატანი არ არის იმ ზარალთან, რაც რევოლუციის შემდეგ აჭარას მიადგა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეგიონში გაჯეჯილებულნი არ იყვნენ პანთურქისტები, თურქები არ ფლობდნენ იმდენ უძრავ ქონებას, რასაც დღეს და ეს, სამწუხაროდ, პოლიტიკურ მიზნებთან არის მიბმული. რეგიონში ქრისტიანობას არ ემუქრებოდა იმდენი და ისეთი საფრთხეები, რაც დღეს. აჭარა სავსეა მუსლიმური სასულიერო სასწავლებლებით, რომელთაც თურქეთის ხელისუფლება აფინანსებს სხვა და სხვა კერძო ფონდების გავლით. რიგ შემთხვევაში, თურქი ბიზნესმენები საკუთარი სურვილით და ფულით. ასლან აბაშიძის დროს, აჭარაში ჩამოსული ვერც ერთი თურქი ვერ გაბედავდა და „თურქეთის ვილაიეთად“ ვერ მოიხსენიებდა აჭარას, დღეს კი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ, თურქეთმა აჭარაში უდიდესი გავლენა მოიპოვა და ეს იმ ორივე ხელისუფლების „დამსახურებაა“, რომლებიც მას შემდეგ მართავენ საქართველოს. თუმცა, წარსულს ვერ შევცვლი, შეცდომის აღიარების გარდა, სხვა არაფერი დამრჩენია.
ასლან აბაშიძის წინააღდეგ ამ ბრძოლაში, ჩემი მოკავშირეები იყვნენ მურმან დუმბაძე, გურამ სალაძე, თამაზ დიასამიძე, ავთო ბერიძე, რომელიც შემდეგ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რეგიონის პირველი კაცი გახდა, თენგიზ ართილაყვა, დათო ჯაფარიძე, დათო დუმბაძე , „რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები და უპარტიო აქტივისტები. ასლან აბაშიძე არ ნებდებოდა ახალ ხელისუფლებას. საკუთარი მომხრეები შემოიკრიბა და რეგიონი, ფაქტიურად, ჩაკეტა. 2003 წლის 24 მაისს აბაშიძემ აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,და გაზარდა კონტროლი საზღვრებზე, მათ შორის მეზობელ ადმინისტრაციულ ერთეულებთან. აბაშიძემ დაგმო ვარდების რევოლუცია, რადგან, მისი აზრით, იგი არაკონსტიტუციური იყო და ბოიკოტი გამოუცხადა 2004 წლის 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. სააკაშვილმა, რომელიც შემდგომში პრეზიდენტად აირჩიეს, ასე შეაფასა აბაშიძის ქმედებები: „მზად ვარ წავიდე კომპრომისზე, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა მას შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას იგი თან ვერ წაიღებს. ვინც ბლოკადის თემას წამოწევს ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ოთხი კედელი გამზადებული იქნება.“
ასლან აბაშიძის შეცდომა ის იყო, რომ ახალ ხელისუფლების ლიდერებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დაემუქრა, თუ ისინი კვლავ განაგრძობდნენ რევოლუციური გზით, მისი პოსტიდან გადაყენების მცდელობას. ეს მან სატელეფონო საუბარში პრემიერ–მინისტრს, ზურაბ ჟვანიას უთხრა და საუბრის ეს მონაკვეთი, ტელევიზიებით გავრცელდა. ამან ბევრი მომხრე დაუკარგა ასლან აბაშიძეს თავად აჭარაშიც, დანარჩენ საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვა. ეს ხალხმა სეპარატისტის მუქარად აღიქვა და სამართლიანადაც. 2 მაისს აბაშიძის სპეცრაზმმა აჭარაში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ააფეთქა – ჩოლოქის, ცეცხლაურისა და ქაქუთის ხიდები. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლება აჭარაში სამხედრო შეჭრის გეგმასაც განიხილავდა და ამ გზით ამ გზით აბაშიძის ხელისუფლების დამხობას აპირებდა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი უკვე არჩეულია საქართველოს პრეზიდენტად.
მოვლენები განსაკუთრებით 2004 წლის მარტსა და აპრილში დაიძაბა. ამ პერიოდში რამდენჯერმე ვიყავი აჭარაში, მაგრამ ვცდილობდი, შევხვედროდი ჩემს წყაროებს, აბაშიძის მომხრეებს თვალში არ მოვხვედროდი, რადგან „ალიას“ ჟურნალისტები, იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მის მომხრეებს გულზე არ ვეხატებოდით. აბაშიძემ შექმნა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები. მახსოვს, 50 ასეთი დაჯგუფების შექმნაზე იყო ლაპარაკი. თითოეულში 15–20 კაცი იყო გაერთიანებული. აბაშიძემ ხალხს იარაღი დაურიგა და მათ სათავეში ჩაუყენა თავისი მომხრე ყოფილი ძალოვანები–უშიშროებისა, პოლიციის, საკუთარი პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომლები. ეს ხალხი, სხვა შეიარაღებულ ოფიციალურ დანაყოფებთან ერთად, განალაგა ჩოლოქის ხიდიდან ბათუმამდე. მათ შორის იყვნენ სპეცრაზმელებიც.
აპრილის შუა რიცხვებში, გამოვაქვეყნე აბაშიძის მიერ შექმნილი შეიარაღებული ჯგუფების მეთაურთა გვარ–სახელების სია. იქვე მითითებული იყო მათი ყოფილი სამსახურებიც.
მაშინ ვიფიქრე, რომ ერთი ჩვეულებრივი სტატია გამოვაქვეყნე და თურმე, ბომბი ჩამიდია გაზეთში. ერთი, რომ ამ მეთაურთა ნაწილის ვინაობა აჭარაშიც კი გასაიდუმლოებული იყო. ვიცი კონკრეტული ფაქტი, რომ ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილის ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ, რომ ის 20 კაციანი შეიარაღებული რაზმის მეთაური იყო. უბრალოდ, სახლში ამბობდა, რომ ასლან აბაშიძის მომხრე იყო და მის მხარდამჭერ აქციებზე დადიოდა. იარაღი რომ ეჭირა ხელში და ჩოლოქის ხიდთან იდგა, ამას არ ამხელდა. ამ სიის გამოქვეყნება საფრთხე იყო ამ ხალხისთვის იმ შემთხვევაში, თუ პროცესები უკიდურესად დაიძაბებოდა, აბაშიძეს ძალით დაამხობდნენ. მერე, ცხადია, ამ არალეგიტიმურ მეთაურთა სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა და კანონმდებლობით, მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყება „ალიაში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის საფუძველზე, მასზე დაყრდნობითაც იყო შესაძლებელი.
კარგად მახსოვს, ორმოცდაათიდან, 32 მეთაურის სია გამოვაქვეყნე. ამ 32 კაცს უკან იდგნენ მათი ოჯახები, ნათესავები, მეგობრები. ყველა ყოფილი ძალოვანი, ყველა ყოფილი თანამდებობის პირი, გავლენიანი პიროვნება იყო და უამრავი ქომაგი და გულშემატკივარი ჰყავდა ამ ხალხს. დღე ერთი იყო და ასი ადამიანი მაინც მირეკავდა, მლანძღავდნენ, მაგინებდნენ, მოკვლით, ოჯახის ამოწყვეტით და ათასი უბედურებით მემუქრებოდნენ. არადა, სია, რომელიც მომცეს, გადავამოწმე, ყველა მათგანის მეთაურობა რამდენიმე წყარომ დამიდასტურა და ისე დავბეჭდე.
ბოლომდე არ ვიცოდი, რამხელა შარში ვიყავი. ერთ დღეს „ალიას“ რედაქციაში დარეკა აჭარის შ.ს. მინისტრის პრეს–ცენტრის უფროსმა, ჟურნალისტმა დათო გერგედავამ. დათომ „ალიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნინო რეხვიაშვილს დაურეკა და უთხრა, ლევან ჯავახიშვილი აჭარაში აღარ ჩამოვიდეს, იმ სიის გამოქვეყნების გამო სერიოზული საფრთხე ემუქრება, შეიძლება მოკლან და აქ მაგას ვერავინ დაიცავს, ვერც ჩვენ და ვერც უშიშროებაო. დათომ ისიც თქვა, რომ მინისტრის, ჯემალ გოგიტიძის დავალებით რეკავდა. ეს ამბავი ნინომ მე მითხრა. გადავურეკე დათო გეგედავას და იგივე გამიმეორა – იმ 32 კაციანი სიის გამოქვეყნების შემდეგ, შენზე ნადირობა დაიწყო და ფეხი არ ჩამოდგაო. მერე მე და ნინომ „ალია ჰოლდინგის“ უფროსს, გიორგი ბრეგვაძეს ვუთხარით ეს ამბავი. განვიხილეთ შესაძლო საფრთხე და გიორგი ბრეგვაძემ გადაწყვიტა, შენი ფეხი აღარ იქნება აჭარაში, დაჯექი რედაქციაში და ტელეფონით იმუშავე წყაროებზეო. ვეცადე, გავძალიანებულიყავი, არ მეშინია, თუ მომკლავენ, მომკლან და თან, რაღაც არ მგონია, რომ ამ ხალხს ჩემთვის ეცალოს და დევნა დამიწყონ–მეთქი. არა, არ ჩახვალ აჭარაშიო, ვერ ხედავ, ყველა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ვინც აჭარაში ჩადის, დაცვას უნიშნავენ, დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან. შესაძლოა, ვინც გემუქრება, იმ ხალხმა არა, ხელისუფლების სპეცსამსახურებმა მოგკლან, აბაშიძის ხალხს დააბრალონ და ამით, ასწიონ მუხტი და დააჩქარონ რევოლუციური პროცესიო. შეფის წინააღმდეგ ვერ წავედი, მაგრამ ის კი ვუთხარი, მე ვეცდები უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებას და ამას თუ მოვახერხებ, მაშინ წავალ აჭარაში მეთქი. კი, თუ ეგ შესძელი, წადიო, მითხრა გიორგი ბრეგვაძემ.
აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილე, გოგი კუპრეიშვილი უბრალო, უშუალო ადამიანი იყო. სულ მიკვირდა, ამ კაცს რა უნდა უშიშროებაში–მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ მის ხელისუფლებას ვებრძოდი და დაპირისპირებულები ვიყავით, კომენტარზე და ინტერვიუზე უარს არასდროს მეუბნებოდა. დავურეკე ბატონ გოგის. ვუთხარი რაშიც იყო საქმე. აჭარაში მინდა ჩამოსვლა და ისე ვიმოძრავებ, კაცი ვერ შემამჩნევს, მანდ სულ რამდენიმე კაცი მიცნობს ხელისუფლებიდან და იმ ხალხს მოვერიდები–მეთქი. გოგი კუპრეიშვილმა კატეგორიული უარი მითხრა. შენს საკითხზე მე და ჯემალ გოგიტიძემ ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ შენი აქ ჩამოსვლა შენთვისაც საფრთხეა და ჩვენთვისაც. კი, იცი, რა დღეში ვართ და შენ გენაცვალე, დაეტიე თბილისში, შენი დევნის და დაცვის თავი არ გვაქვს, საქმე ისედაც თავზე საყრელი გვაქვსო. ბოლოს მითხრა, ნუ გამოაქვეყნებდი იმ სიას და უპრობლემოდ ჩამოხვიდოდი და წახვიდოდი, როგორც აქამდე იყოო.
იქნებ ჯემალ გოგიტიძე დავიყოლიო–მეთქი და ახლა დავურეკე. გამარჯობის თქმა მაცადა და ამავსო საყვედურებით. ცხადია, იმ სიის გამო მსაყვედურობდა. ვთხოვე, ჩამოვალ აჭარაში, რაც მომივა, მომივა, საკუთარ თავზე პასუხს მე ვაგებ–მეთქი. არაო, მითხრა ჯემალ გოგიტიძემ, ჯერ ერთი, ჩოლოქიდან თუ გადმოხვალ, ის ხალხი, ვინც სიაში გყავდა, ჩოლოქზე დგას, ნამდვილად ვიცი, იმ მეთაურებსაც და მათი რაზმის წევრებსაც, არაერთ ადამიანს „ალიას“ სტატიები უდევთ ჯიბეში, სადაც შენი ფოტოა დაბეჭდილი და ამ სტატიებს იმიტომ ინახავენ, რომ ამოგიცნონ. თუ ამოგიცნეს და გადმოგიღებებ მანქანიდან და იქვე მიგახვრეტენ. ალალად გეუბნები, ერთი 100 კაცი მე ვიცი, ვინც ერთ ტყვიას ნამდვილად არ დაინანებს შენთვის და რაც მე არ ვიცი, ეგ კიდევ ცალკე იყოსო.
მერე მითხრა, 32 მეთაურის სია ხომ გამოაქვეყნე, სადაც ამბობ, რომ თითო რაზმში, 15–20 კაციაო? კი, ეგრე იყო–მეთქი. ჰოდა, ახლა 32 გადაამრავლე თხუთმეტზე, ოცზე არ გინდა და აი, მაგდენი შეიარაღებული მტერი გყავს აჭარაში. დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობ, ვინც მაგათი მეგობრები და ნათესავები არიან. შენ რომ ჩამოხვიდე ბათუმში, ერთი ხუთკაციანი დაცვა უნდა დაგინიშნო და ახლა მაგის რესურსი ნამდვილად არ მაქვს, თითო პოლიციელი აქ ორი კაცის საქმეს აკეთებსო. ბოლოს მითხრა, ამათ რომ გადაურჩე, რევოლუციონერებმა რომ გაგაგორონ, ჩვენ დაგვბრალდება და კიდევ ეგ გვინდა, ჟურნალისტის მკვლელობა? ისედაც ათას უბედურებას გვაბრალებენო.
მოკლედ, ჯემალ გოგიტიძემაც ვერ მომცა აჭარაში შესვლის და იქ მუშაობის უსაფრთხოების გარანტიები და დავრჩი თბილისში.
ჯერ ჩოლოქის ხიდი არ იყო აფეთქებული. „ალიას“ ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და ჟურნალისტი თეა რუსიტაშვილი რომ წავიდნენ აჭარაში. ირაკლის გზაში დავურეკე და ვკითხე, რა ხდება–მეთქი. უკვე ბათუმში იყო. ლევან, ჩოლოქიდან ქობულეთამდე რამდენჯერმე გაგვაჩერეს. „ალიას“ საბუთს რომ ვუჩვენებდით, სულ შენს გინებაში იყვნენ, ერთმა ისიც მითხრა, მართლა ირაკლი გედენიძე ხარ თუ ლევან ჯავახიშვილიო და ერთ ხელში შენი სურათი ეჭირა, „ალიაში“ დაბეჭდილი, მეორეში ჩემი პრეს–ბარათი და ერთი 5 წუთი ჩაჰკირკიტებდა. ძლივს დარწმუნდა, მართლა მე რომ ვიყავი და გამიშვაო. მერე თეას გადასცა ტელეფონი. ლევან, შუბლზე წითელი გაზის, ძმაო, ფეხი არ გამოდგა აჭარაში, არც გოგიტიძე და არც კუპრეიშვილი აზვიადებდნენ, რაც დავითვალე, ერთი ხუთმა კაცმა გააძრო შენი ფოტო და მანქანაში გეძებდნენ. დაჯექი რედაქციაში და იმუშავე მაქედანო–მითხრა თეამაც. . მოკლედ, ყველა მცდელობა, წავსულიყავი აჭარაში, ჩამეფუშა, შ.ს. მინისტრზე და უშიშროების მინისტრის მოადგილეზე მაღალი თანამდებობის პირს კი აჭარაში არ ვიცნობდი.
6 ივნისს, ღამით, ასლან აბაშიძე მოსკოვში წავიდა და დაუტოვა დამთხვეულებს ხელისუფლება. იმ კადრებს, რაც ბოლოს ვითარდებოდა აჭარაში, ტელევიზორში ვუყურე. გულით მინდოდა ბათუმში ყოფნა, შარი და ხათაბალა ჩემი სტიქიაა, მაგრამ რა მექნა? ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, რომელიც აჭარაში არ შეუშვეს. 6 ივნისს, შუადღეს, მე და „ალიას“ პოლიტიკის რედაქტორი, ქეთი ხატიაშვილი წავედით ბათუმში, ქეთის მანქანით. ჩოლოქის ხიდზე, ცხადია, ვერ გადავიდოდით, შემოვლითი გზით, სოფელ აჭის გავლით ჩავედით ქობულეთში.
მოგვიანებით გავარკვიე, ვინ და რატომ მომაწოდა ეს 32 კაციანი სია. ჯერ ერთი, ამ, ფაქტიურად, ბანდფორმირებების მეთაურთა ვინაობის გამოქვეყნებამ, გაზეთში დაბეჭდვამ, მათზე და მათ ახლობლებზე პანიკურად იმოქმედა. ამ ხალხს სიის გამოქვეყნებით უთხრეს, ვიცით თქვენი ვინაობა და ასლან აბაშიძე რომ აღარ გეყოლებათ, მერე სათითაოდ მოგძებნით და ციხეში გაგისტუმრებთო. პანიკაში მყოფ ადამიანზე ზემოქმედება უფრო იოლია, მით უფრო, როდესაც სია გამოქვეყნდა, არც მაშინ და მით უფრო, არ შემდგომში, არავის ჰქონდა გარანტია, რომ აბაშიძე დარჩებოდა აჭარის მმართველად. ეს სია ჩემს წყაროს ედვარდ სურმანიძემ გადმოსცა. სურმანიძე და ჯემალ ინაიშვილი ერთად აწარმოებდნენ ამ მეთაურებთან, რაზმების ზოგიერთ წევრთან, მათი ოჯახის წევრებთან ფარულ მოლაპარაკებებს, რომ თუ ვითარება იქამდე დაიძაბებოდა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდოდა საქმე, და თუ ეს ხალხი მიატოვებდა ასლან აბაშიძეს, კონფლიქტში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, სიტყვიერ გარანტიას აძლევდნენ, რომ მათ ხელს არ ახლებდნენ, მათ წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა და მათთან ყველაზე გავლენიანებს, ახალი ხელისუფლების პირობებში დასაქმებასაც პირდებოდნენ . ვისთან რა გარიგება შედგა, ეს უკვე არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ასლან აბაშიძეს ბევრმა უღალატა და ახალი ხელისუფლების მხარეს გადავიდა. ვინ შიშის გამო, ვინ სარგებლის გამო.
ვინც ეს სია მომაწოდა, იმ წყაროს არც ამჯერად ვასახელებ.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №23
კომენტარები