თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი
– ვიცი, რომ წახვედით 9 აპრილს, „უცნობის“ დაანონსებული აქციის სანახავად, თუმცა, უკან გამობრუნდით – ხალხი ნამდვილად იყო ამ აქციაზე და 2012-იანელების ნაწილი წერდა და ამბობდა, რომ ამაყები არიან და ბედნიერები იმით, ამდენი ადამიანი რომ გამოვიდა – თქვენ არ იყავით ამაყი და ბედნიერი?
– ის, რომ „გრეჩიხა“ არ გამოდგება ილია ჭავჭავაძედ და ვერ იქნება მომწოდებელი ხმა ერისა და ხმა ღვთისა, ეს ფაქტია – ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა, შეკრებას გაჩეჩილაძე გაახმოვანებდა, თუ პეტრე პავლოვიჩი, ეს იდეა და შეკრების მოთხოვნილება ერში უნდა არსებობდეს, ერს უნდა, რომ ეს მარაზმი, პოლარიზაცია, ურთიერთდაპირისპირება დასრულდეს… მგონია, ხალხს ყველა იყენებს, პოზიციაც და ოპოზიციაც, ვთვლიდი, რომ გია გაჩეჩილაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხალხს სურს აზრის დაფიქსირება და ვფიქრობდი, ერის ხმას მოვისმენდი. ბევრი მწერდა, 2009 წელს აპრილის აქციებზე გრეჩიხებმა რაც ქნეს, იმის მერე როგორ გავიდეთ აქციაზეო … პირველი ვიყავი და „ალიასთან“ მქონდა ინტერვიუ, გაჩეჩილაძის შეხვედრას სააკაშვილთან შავნაბადის შავბნელი შეხვედრა რომ ვუწოდე და მერე გაჩეჩილაძეს ჟურნალისტი ეკითხებოდა, შათირიშვილმა ასე თქვა იმ შეხვედრაზეო და უპასუხა, მე არ ვიცნობ შათირიშვილს, მაგრამ შეიძლება მან ბევრი რამე არც იცოდესო. შეიძლება ბევრი რამე არ ვიცოდე, მაგრამ გაჩეჩილაძემ შეიძლება, არ იცოდეს იმდენი, რამდენიც მე ვიცი. მაშინვე ვიცოდი, აპრილის აქციებზე, რომ ისინი შეხვდნენ სააკაშვილს შავნაბადაზე, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს არასწორი საქციელი იყო და „ალიას“ ღია ინტერვიუ მივეცი.
– ეს თავად დაადასტურა ამდენი წლის მერე…
– მე მაშინვე ვთვლიდი შეცდომად, რა… როგორ გითხრათ, მაშინვე ვთვლიდი, რომ ეს იყო არასწორი საქციელი, ხალხს არ ჰკითხა…
– თქვენ ახლა სიტყვა ღალატის თქმა გინდოდათ, აშკარად…
– კი, კი! 21-ე საკანი იყო მწერლების საკანი, ქაშუეთის წინ გვქონდა ეს საკანი და ძალიან არ მომეწონა მაშინ მათი შეხვედრა სააკაშვილთან და „ალიაში“ ეგრევე გამოცხვა ინტერვიუ „შავბნელი შეხვედრა“. შეხვდა ისე, რომ არც საბჭოს, არც მომიტინგეებს არ შეუთანხმდა და მერე თვითონაც აღიარა, რაც მოჰყვა ამ შეხვედრას. მე მაგ ბატალიებში ყველგან ვიყავი. ჩათვალეს, რომ საზოგადოება შეუძლიათ თავიანთ ჭკუაზე წაიყვანონ – საზოგადოების პრივატიზაციაც შეიძლება? ის, რაც მაშინ მოხდა, ცხადია, ეს იყო გარიგება! 2009 წელს, ვერაზე, კალათბურთის დარბაზში იყო სახალხო კრება, დიდი აქცია იყო, გადაჭედილი იყო დარბაზი და იური ვაზაგაშვილს მიყავდა ეს შეხვედრა. მე მაშინ მინდოდა გამოსვლა სიტყვით და იური მთხოვდა, არ გამოხვიდე, მერაბ, ვერ გადატეხავ ამ სიტუაციასო, ვუთხარი, რომ მაინც უნდა გავსულიყავი და სიმართლე მეთქვა. იძულებული გახდა, მოეცა სიტყვა, პირდაპირ ვთქვი მაშინ, რომ სახალხო კრების იდეას ანადგურებდნენ! ეს იყო 18-19 ნოემბერი და 24 ნოემბერს მიტინგს აანონსებდნენ სახალხო ფორუმთან ერთად და ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას დაამხობდნენ… როცა ვთქვი სიმართლე, სტვენით მაიძულეს ტრიბუნიდან ჩამოსვლა! 23-24-ში ქაშუეთის წინ მაინც მივედი, ვიდექი, როცა 20 ათასი კაცი შეიკრიბა მთავრობის სასახლის წინ, ვინ სად გარბოდა არ იცოდნენ, ვერ შეასრულეს ნათქვამი და შეკრებილებმა მოითხოვეს, სად არის პირობა? – შევიდეთ პარლამენტში?! რა პარლამენტში, კაცო, გარბოდნენ აქეთ-იქით… ვიდექი ქაშუეთის წინ, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ ადამიანები, ბატონო მერაბ, რა მართალი ყოფილხართო, მიწა გამსკდომოდა მერჩია, მერჩია, მე ვყოფილიყავი მტყუანი და ის დაანონსებული გამართლებულიყო! ამით, რისი თქმა მინდა, იცით? ყველა შეკრება მუშაობს იმაზე, რომ ვიღაცა აიძულო, გამოვიდეს და გაგირიგდეს – ნუ, მაშინ არ მოხდა გარიგება, ფეხებზე დაიკიდა სააკაშვილმა, წაუყრუა, ეს 20 000 კაცი ვერ შევიდა პარლამენტში და დამთავრდა. ნებისმიერი შეკრება საქართველოში კეთდება გარიგების მიზნით. ვიღაცამ შეიძლება გითხრას, მოდი, ან პოლიტიკურ გზას გიხსნი, ან დიდ თანხას გაძლევ, ასე მოხდა ახლაც. ხალხს ნუ გააბრიყვებთ, ვერ მომატყუეს 9 აპრილს უკვე, მე არ მინდა იმ გარიგებაში შესვლა, როცა ხალხი გინდა შეკრიბო და ურიგდები ხელისუფლებას, ან საკუთარი ამბიციისთვის, ან პირადი ინტერესებისთვის. მივედი სანახავად, იქნება, მართლა გულალალი სახალხო შეკრებაა-მეთქი, მაგრამ ვიყნოსე, რომ ესეც გარიგებაა. ვფიქრობდი, გაჩეჩილაძე იმას აღარ იკადრებდა, რაც მაშინ იკადრა. მაგრამ, იციან, რომ ეს მკადრებელია და აკადრებინეს. ხელისუფლებას სჭირდებოდა და აკადრებინეს. ფეისბუქმოწოდებები ვნახე, რომ იქნებოდა 9 აპრილს მდუმარე აქცია. გავედი და დავინახე პიარი, შოუ. ეტყობა ეს ადამიანი არის შოუმენი, რაც უნდა ელაპარაკო, მაინც შოუს დგამს, მას ეს ქვეყანა ჰგონია შოუ, წავიდა აპელირება – „გია, გია, გია…“ კი არ ვთრგუნავ და ვაკრიტიკებ ამ შეკრებას, ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამოქალაქეების გასვლას – ნაციონალური მოძრაობა ისედაც ვერ მოვა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ მე ვერ გავიგე, ეს შეხვედრა რატომ იყო.
– ეს იყო პარტიული შეხვედრა?
– ქართული ოცნება არც მწვადს წვავს და არც შამფურს! საშუალო დონეზე დააყენეს, არც თავში რომ არ აუვარდეს და სახალხო ლიდერი არ გახდეს გაჩეჩილაძე და თან ვიღაცები გააფრთხილეს, რომ აი, ჩვენ შეგვიძლია საზოგადოება შევკრიბოთ. არაფრის მომტანი შეხვედრა იყო, პირდაპირ გეტყვით! დღეს დავრწმუნდი, რომ საქართველოში თუ გინდა დაანახო გინდ მმართველ ძალას და გინდ ოპოზიციას, რომ მასა გამოგყავს, თურმე, ეს ხდება ყველა შემთხვევაში სადღაც ჩრდილში მდგომი პოლიტიკური ძალით. მე კლასიკურად ვიცნობ ქართულ ოცნებას და ვიცი, რის საშუალებას მისცემდნენ „გრეჩიხას“ და რის – არა.
– გაჭრილად ამბობთ, რომ ამის უკან იდგა ქართული ოცნება, თუ თქვენც არც მწვადს წვავთ და არც შამფური?
– ერთ რაღაცას გეტყვი და მიხვდები ყველაფერის – საქართველოში ახლა ნებისმიერი შეკრება კონსოლირდება რომელიმე პოლიტიკური ძალით. სხვანაირად გამორიცხულია! მე რომ ვთქვა, ეს იყო გულწრფელი ხალხის გამოსვლა… გურულად ვამბობ, შტერული შეცდომები დავინახე, იქვე გაჩერებული მარშრუტკები, იქვე დროშები… საზოგადოება დროშებით არ გამოდის, ჩემო კარგო. ხალხი დროშით არ გამოდის, მე იქ დროშით არ მივსულვარ! რაიონებიდან ჩამოსული მარშრუტკები… – ამით სალაპარაკო მისცეს ხალხს… კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ქართულმა ოცნებამ არც მწვადი დაწვა და არც შამფური… ქართული ოცნება დღესაც ამ თამაშით თამაშობს – არის ნაცები, ვართ ჩვენ! ამით მანიპულირებს, გინდათ ნაცები? – ხალხის უმრავლესობას ნაცები არ უნდათ! ქართულ ოცნებას უნდა მოუგოს სხვა ძალამ. ბიზნესმენის ტვინი აქვს ივანიშვილს და დაიტოვა საფრთხობელა, მუდმივ რეჟიმში. 2012 წელს მეგონა, ნაციონალური მოძრაობა განადგურდებოდა, მაგრამ დატოვა ოპოზიციურ მოძრაობაში ნაციონალური მოძრაობა. საპრეზიდენტო არჩევნებისას 44 ოფისი მქონდა, დავუდექი ქართულ ოცნებას გვერდით, არც ვმალავ, მერე არჩევნები რომ დასრულდა, აუვარდა თავში ვიღაცებს, ფილარმონიაში, მაღრაძემ და ვიღაცებმა, რაღაცა გამყოფი ზოლი იპოვეს, არც ქართული ოცნება და არც ნაციონალები – მაშინაც ვიცოდი, რომ ეს წაგებული ხმაური იყო. ანალოგიურია ახლა, ეს ხმაური განმეორდა, ოღონდ კონტროლის ქვეშ. მაშინ უკონტროლო იყო, მაღრაძემ მოინდომა ყველაფრის გვერდზე გაწევა, მათ შორის ივანიშვილისაც, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი დივიდენდები მიიღო ქართული ოცნებისგან, ნაცებისგანაც, სხვათა შორის და უცებ მოინდომა ლიდერობა. რაც მიტინგები ჩაატარა, ყველა ქართულმა ოცნებამ გაუქაჩა, მან კი იფიქრა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ეგრევე მოხვდა ყინულის ბადეში. ეს იყო კრახი – ამას ვამბობდი წინასწარ. ახლაც ვამბობ იგივეს – ეს აქცია არაფრის მომტანი იყო! ახლაც მივედი, მაჭახელას ვერანდიდან ვუყურებდი ამ 9 აპრილის შეკრებას ზუსტად 15 წუთის მანძილზე, თუ მე იმ ვერანდიდან ფეხი გამედგას, მე ვიყო არაკაცი. რამდენიმე ნიუანსი დავიჭირე და მივხვდი, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი. „ახლა გამოვა გია გაჩეჩილაძე და დაელოდეთ…“, კაი რა, შენი ჭირიმე… მერე „მადლობა, რომ მობრძანდით…“, კაი რა, შენ გენაცვალე, ხალხს რომ ეუბნები მადლობას, გგონია ამით გაასწორე ანგარიში ხალხთან? ვის უხდი მადლობას, შენთვის ვინ მოვიდა, ისინი მოვიდნენ თავიანთი, დავუშვათ, იდეისთვის და თავიანთი პრობლემისთვის. ლიდერობამ და სათავეში ჩადგომამ დაღალა ქართველი ხალხი… „გამოვა მალე დაელოდეთ, გია მალე მოგესალმებათ და…“ კაი რა… არის ასეთი ქუჩური გამოთქმა – საიმში არ არისო და საიმში არ არის ახლა გია გაჩეჩილაძე ქართული სინამდვილის.
კომენტარები