2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაუდგენელი პათოგენით (დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი ან ფაქტორი) გამოწვეული პნევმონია მასობრივად გავრცელდა. 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ 44 დაავადებულის შესახებ განაცხადა. მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმე იყო. 9 იანვარს კი ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას მუცლის ღრუში სიმსივნე და ღვიძლის ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ამიტომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სპეციალისტებისთვის უცნობია.
ეპიდემიის მიზეზი რა არის?
ექიმები ეჭვობენ, რომ მიზეზია კორონავირუსის ერთ-ერთი შტამი, რომელიც ადამიანებში აქამდე არ დაფიქსირებულა. ჩინეთში მყოფ 41 პაციენტსა და ტაილანდში მცხოვრებ ერთ ქალს სწორედ ეს ვირუსი აღმოაჩნდა. ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაავადების მიზეზის კვლევის პროცესში ჩინელმა სპეციალისტებმა გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა ცნობილი ვირუსები გამორიცხეს.
ვირუსის გამომწვევ ზუსტ მიზეზს რატომ ვერ ადგენენ?
შესაძლოა, ეს ვირუსი ინფექციას სულაც არ იწვევს და უბრალო შემთხვევითობაა, მაგრამ ამის ალბათობა არც ისე დიდია. კორონავირუსები გაციების შემთხვევების 10-15%-ზეა პასუხისმგებელი. თუმცა ზოგიერთი შტამი სერიოზულ პნევმონიას იწვევს. მათ შორის არის:
– მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS – severe acute respiratory syndrome), რომელსაც „ატიპურ პნევმონიასაც“ უწოდებენ. ამ დაავადების პირველი ეპიდემია 2002-2003 წლებში ჩინეთში დაფიქსირდა. მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა რამდენიმე ქვეყანა მოიცვა და ვირუსის შემთხვევების შემცირების მომენტისთვის (2003 წლის ზაფხული) დაავადებულთა თითქმის 10%-ი დაიღუპა.
– ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS – Middle East respiratory syndrome) პირველი დიაგნოზი საუდის არაბეთში, 2012 წელს დასვეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსს დაავადებული პაციენტების 35%-ი ემსხვერპლა.
ადამიანებში კორონავირუსების მხოლოდ მცირე ნაწილია გავრცელებული. ის ძირითადად ცხოველებისთვის არის დამახასიათებელი. ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს იწვევს ვირუსი, რომელიც ერთკუზიანი აქლემებისგან გადადის. მწვავე რესპირატორული სინდრომის მატარებლები და გამავრცელებლები კი ვივერები იგივე ციბეტები არიან. გარდა ამისა, ვირუსის შემთხვევების ახალ ტალღას ქალაქ უხანში ზღვის პროდუქტებსაც უკავშირებენ. ვირუსით დაავადებულთა უმრავლესობა მათი ხშირი მყიდველი ან გამყიდველი იყო.
რა სიმპტომები აქვს ამ ვირუსით გამოწვეულ პნევმონიას?
საკმაოდ ჩვეულებრივი. ძირითადად ამ დროს პაციენტების ნაწილს სუნთქვა უჭირს, რენტგენოგრამაზე კი ფილტვში მიმდინარე ცვლილებები ჩანს.
ეს დაავადება იკურნება?
მკურნალობის სპეციალური კურსი, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისკენ იქნებოდა მიმართული, არ არსებობს. ამიტომ, ამ დროს რეკომენდებულია სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია.
მსოფლიოს ახალი ეპიდემია ემუქრება?
ალბათ უფრო არა. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ამ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტს დაადასტურებდა. ამ დასკვნას სპეციალისტები შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებენ:
– ზღვის პროდუქტების ბაზრობა უხანში 2020 წლის 1 იანვარს დაიხურა. 3 იანვრიდან კი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა (გამონაკლისი იყო ერთი ადამიანი, რომელიც ქალაქ უხანიდან ტაილანდში ჩაფრინდა).
– პნევმონიის მქონე პაციენტების მომსახურე სამედიცინო პერსონალში ჯერ საეჭვო სიმპტომები არ დაფიქსირებულა.
როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას საჭიროდ არ მიიჩნევს. ის მხოლოდ ინფექციის პროფილაქტიკისთვის აუცილებელი რეკომენდაციებით შემოიფარგლება:
– ხელები რეგულარულად დაიბანეთ;
– ხორცი და კვერცხი საჭირო და აუცილებელ ტემპერატურაზე მოამზადეთ;
– თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც აცემინებენ ან ახველებენ.
თუ თქვენ საეჭვო სიმპტომებს შენიშნავთ, აუცილებლად და ოპერატიულად მიმართეთ ექიმს. სხვა ადამიანებთან კონტაქტს მაქსიმალურად მოერიდეთ, რათა ვირუსი მათაც არ გადასდოთ.
იმედინიუსი
კომენტარები