„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იაშვილის კლინიკაში, 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში გრიპის 44 შემთხვევა დადასტურდა.
„სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში გრიპის და სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვრის თვეში არის, წელს ეს პიკი მარტი-აპრილის პერიოდში მოვიდა. ანუ, შემთხვევების მატება ჩვენი ქვეყნისთვის არატიპურ პერიოდს დაემთხვა და უფრო მეტიც, გრიპის შემთხვევები მაისშიც კი ფიქსირდებოდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა.
2020-2021 წელს საქართველოში, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში გრიპის 2 შემთხვევა იყო. წელს მარტო იაშვილში, 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში, გრიპის 44 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, რაც გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, თუმცა ასეთი დიდი რაოდენობის შემთხვევები ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ სეზონზე და ამ პერიოდში ყოფილიყო,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ამავე პერიოდის განმავლობაში, გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების 52 შემთხვევა არის დადასტურებული.
„ეს სრულიად განსხვავებულია. ამის უკან ვირუსი დგას და არა ბაქტერია. ბაქტერიული პნევმონია მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, მაგრამ წელს, ასევე, გრიპისა და გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული ფილტვების ანთების პიკი გვაქვს,“ – აღნიშნა მან.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მეორე ტიპის ვირუსი – რესპირაციულ-სინციტიური ტიპის ვირუსი ფიქსირდება, ამასვე პერიოდში, აღნიშნული ვირუსის რეკორდული – 92 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„რესპირაციულ-სინციტიური ტიპის ვირუსი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ძირითადად წვრილი ბრონქიოლების დაზიანებას იწვევს. ამ დიაგნოზს ბრონქიოლიტი ჰქვია. რესპირაციულ-სინციტიური წელს ასევე, რეკორდული რაოდენობის არის. მარტო 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში, 92 შემთხვევა არის დადასტურებული. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო და ჯანმო ამ პროგნოზს ჯერ კიდევ დეკემბერში აკეთებდა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა იქნებოდა, ეს გარკვეულწილად სხვა ტიპის ვირუსებზე იმოქმედებდა,“ – აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ყველა სხვა ტიპის ვირუსთან შედარებით გრიპის ვირუსი ყველაზე საშიშ ვირუსს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მის წინააღმდეგ ვაქცინაციის გამოყენება მნიშვნელოვანია. ყოველწლიურად ამ ვაქცინის მოხმარების რაოდენობა იზრდება, აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
კომენტარები