მწერალი, ალეკო შუღლაძე:
„ღია წერილი საიქიოს თავმჯდომარეს, ბატონ მიქელ გაბრიელს.
ბატონო მიქელ, თქვენივე თხოვნით, გიგზავნით ასლს იმ მანიფესტისა, რომლითაც მივმართე ამომრჩეველთა დიდ ნაწილს.
დასკვნა 1: თუ შენ პუტინის მხარეზე ხარ, გამოდის, რომ კადიროვის მხარეზე ხარ! იცი, ხომ კადიროვი ვინ არის? კადიროვი ის კაცია, ყველა თვე რომ თებერვალი ჰგონია. და მინდა გაგაფრთხილო, თუ კადიროვისტი გახდები, მაშინ ყველა თვე თებერვალი გეგონება და ყველა დღე შაბათი, და არ იქნება შენთვის მაისი და ოთხშაბათი, ივლი მუხლებგამობერილ ფიზკულტურის ფორმაში კალაშნიკოვგადაკიდებული. ოქეი… მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ.
დასკვნა 2: თუ პუტინის მხარეზე ხარ, გამოდის, რომ იმ ბომბების მხარეზე ხარ, რომელიც სამშობიაროებსა და თეატრებს ეცემა. შენ გგონია, რომ ჰააგის სასამართლოს დაუსხლტები, მაგრამ ამბობენ, რომ უფრო დიდი სამსჯავროც არსებობსო. იქ როცა გაგასამართლებენ, მთელი შემდგომი მარადისობა კადიროვის გვერდით იცხოვრებ ჩაკეტილ სივრცეში, მუხლებგამობერილ ფიზკულტურის ფორმაში კალაშნიკოვგადაკიდებული. შეჭამ ბალანდას.
დასკვნა 3: თუ პუტინის მხარეზე ხარ, გამოდის, რომ ომებში დაღუპული შენიანების მტერი ხარ. მოღალატე ხარ, გამყიდველი. არ ვიცით, გაგასამართლებს თუ არა ჰააგის სასამართლო, მაგრამ ამბობენ, რომ უფრო დიდი სამსჯავროც არსებობსო. შენ შეიძლება არ გჯერა იმ სამსჯავროსი, მაგრამ თვალს რომ გაახელ და ტურტლიანი კადიროვის წინ აღმოჩნდები გადაკუზული, მუხლებგამობერილი, მუხლებგადატყავებული, კალაშნიკოვგადაკიდებული… მერე უყარე კაკალი, ჭამე ბალანდა, ბუს კვერცხები.“
ბატონო მიქელ, ისინი თავის გამართლებას შეეცდებიან, იტყვიან, რომ არცოდნა არცოდვააო. ჰოდა, მე ისინი უკვე გავაფრთხილე და აწი შეგიძლიათ ეს წერილი სახეზე ააფაროთ.”
კომენტარები