ლევან ჯავახიშვილი
თურქმენეთში, კასპიის ზღვის ქვეყნების სამიტზე ჩასულ ყველა სტუმარს, როგორც წესი, ტრაპთან ხვდებოდნენ, შესაბამისი პროცედურებით. ვლადიმირ პუტინი ერთადერთი იყო, ვისაც არც ტრაპთან დახვდა ვინმე და არც მანქანამდე მიაცილა. თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა პუტინი ფეხზე მდგომი ალოდინა, ვიდრე შეხვდებოდა. ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისისმა პუტინი შეხვედრისას შორს დასვა, იმ დისტანციაზე, რომელზეც პუტინი სვამს თავის მინისტრებს და კრემლის სხვა მაღალჩინოსნებს. თან დარბაზში, მარტო ირანის დროშა ეკიდა, რუსეთის დროშა მასპინძლებმა არ დაკიდეს. ასევე, ჯერ „ჯი-7“-ის სამიტზე, მერე „დიდი ოცეულის“ მინისტერიალზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ამ ღონისძიებების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ოფიციალურ სადილზე მარტო დატოვეს, მასთან ერთად არავინ დარჩა სადილზე და ლავროვიც იძულებული გახდა, სასტუმროში წასულიყო.საგულისხმოა, რომ პუტინისა და ლავროვის საქვეყნოდ დამცირების, აბუჩად აგდების ამ ვიდეოკადრებს, ფოტოებს იღებენ და თავად ასაჯაროებენ ამ სამიტებისა და შეხვედრების ორგანიზატორები. ეს ყველაფერი კი ერთ თვეში მოხდა. მთელი მსოფლიო პუტინის, მისი გარემოცვის საქვეყნო შეურაცხყოფაზე გადავიდა. უკვე ძალიან ცუდად არის რუსეთის საქმე და ამას მარტო ჩვენი ხელისუფლება ვერ ხვდება. ეგეთი რა დავალება აქვთ? „ალიას“ ამ თემაზე ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედი ფოფხაძე.
– ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ ტოკაევის გამონათქვამსაც შეგახსენებთ, რომელიც არანაკლებ მტკივნეული იყო პუტინისთვის. დონეცკის, ლუგანსკის, ყირიმის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კვაზი სახელმწიფოებს არასდროს ვცნობო და ეს პუტინის თანდასწრებით თქვა. არადა, რუსეთი ყაზახეთს საკუთარ სატელიტად მიიჩნევდა. ამ ფაქტით გავაგრძელე თქვენი ჩამონათვალი.
– ჩვენ, სირია და ბელარუსიღა შევრჩით რუსეთს პარტნიორებად. სირცხვილი არ არის?
– გეთანხმებით, ძალიან დიდი სირცხვილია. ერთის მხრივ ხომ სირცხვილია და მეორე მხრივ, ჩვენ ამ ვითარებაში ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ. გამოდის, რომ ერთ კაცს, ბიძინა ივანიშვილს უნდათ გადააყოლონ ქვეყანა, რომელსაც ერთი ბანკიდან სოლიდური ფული აქვს ასაღები და ვერ იღებს. ამიტომაც გამოვრიცხავ ივანიშვილის ჩარევას, დაბრუნებას პოლიტიკაში, რადგან მერე მას მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება.რუსეთი იზოლაციაშია, საერთაშორისო დონეზე უავტორიტეტო ქვეყანა. ახლო პერსპექტივაში ჭაობში ჩაეფლობა და ჩვენც იქითკენ გვექაჩებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. იძახიან, რომ უნდა ჩავიკეტოთ. სად უნდა ჩაიკეტო? 21-ე საუკუნეა და როგორ ჩაიკეტები. პირიქით, უნდა გაიხსნა, ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრირება მოახდინო. ჩვენი წინაპრები სულ იმას ფიქრობდნენ, გზები ეპოვნათ დასავლეთისკენ და ქართული საზოგადოების ელიტა, განათლებულ ქვეყნებში ეძებდა ქვეყნის ხსნას და განვითარების გზას. 21-ე საუკუნეში რომ ვიკეტებით, ალბანეთი ვართ თუ ჩრდილოეთ კორეა? ამგვარი სახელმწიფოების შექმნას აპირებენ? ჩაკეტილი სახელმწიფო ვერ განვითარდება, გამათხოვრდება და იქნება თითით საჩვენებელი, თუ როგორ პირობებში არ უნდა იცხოვროს ხალხმა. პუტინი დამთავრდა, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე სამხედრო, ეკონომიკური კუთხით. დასრულდა პუტინისა და რუსეთის ძლევამოსილების მითი. თქვენი თქმისა არ იყოს, ვისაც არ ეზარება, უკვე ყველა აბუჩად იგდებს და დასცინის. ჩვენ ამ პროცესში, დამარცხებულ და დაქცეულ რუსეთთან ერთად აღმოვჩნდებით თუ მსოფლიოსთან, რომელიც ახალ წესრიგს ქმნის, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყანაში ხალხისთვის ელემენტარული კეთილდღეობისა და მატერიალური სიკეთის შექმნა. ამიტომ ვამბობ, რომ ხალხს ეს უნდა, ხალხი ამისთვის იბრძოლებს. თუ პოლიტიკური სპექტრი არ აღმოჩნდება პროფესიონალური და ადეკვატური, ხალხი გამონახავს იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც ამ ბრძოლაში გაჰყვება და მოაგებინებს. ეს ისტორიული პროცესია. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, გააზრებული უნდა გვქონდეს, საამისოდ რა არის საჭირო, რა უნდა გაკეთდეს. მე მაინც ვირჩევ და მთავარი მოთხოვნაც ეს არის საზოგადოებისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ამ მიზნის გარშემო გაერთიანდეს, ვიდრე არ შეიცვლება მოცემულობა. ყველა ერთად უნდა დავდგეთ. თუ ეს მოხდება, მოცემულობა ავტომატურად შეიცვლება და მერე, დემოკრატიის წესები ისევ დაბრუნდება პოლიტიკურ პროცესში. მერე გადავიდეთ ოპონირების რეჟიმში და დავიწყოთ კამათი, კონსერვატიული და ლიბერალური შეხედულებების ადამიანებმა. ვიდრე ეს მოხდება, მანამდე აუცილებელია პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა ამ საერთო მიზნისთვის.
– აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რუსეთისთვის 49-წლიანი იჯარით, ბიჭვინთის ნაკრძალისა და საზღვაო აკვატორიის გადაცემას აპირებს. მოკლედ, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. რუსეთმა ნელ-ნელა დაიწყო აფხაზეთის ანექსიის პროცესი და ამას ბოლომდე მიიყვანს. ესეც ჩვენი ხელისუფლების მიერ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, ესეც პასუხი კითხვაზე – რუსეთთან ომი გინდა? მერე აფხაზეთის დაბრუნების თეორიული შანსიც არ გვექნება. ამაზე ხმას რატომ არ იღებენ ხელისუფლების ლიდერები?
– პარლამენტში ყოფნისას მომიწია ტერიტორიული მთლიანობის კომიტეტის თავმჯდომარეობა. მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ეს იყო არ აღიარების პოლიტიკა. სამხედრო გზით ამ ტერიტორიას ვერ იბრუნებ, იქით არის აგრესორი, ოკუპანტი რუსეთი, რომელიც ამ ტერიტორიას არ გვიბრუნებს. არაღიარების პოლიტიკა იქცა ჩვენს მთავარ დიპლომატიურ გზავნილად, რომ მთავარია ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა არ სცნოს მსოფლიომ. რუსეთი კი იძახის, ეს ჩემია, დამოუკიდებელია, მაგრამ მაგაზე დრო პასუხს გასცემს. ამერიკამ და ევროპამ ამ საქმეში სრული მხარდაჭერა გაგვიწია და მოხერხდა, რომ მხოლოდ ისეთმა სახელმწიფოებმა სცნეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რომ მათ მსოფლიო რუკაზე ძლივს იპოვნით. ამიტომ, ეს პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან წარმატებული. ჰოდა, როცა ასეთი პარტნიორები გყავს, რომლებიც ამ საქმეში დაგეხმარნენ და მათ ლანძღვა-გინებაზე გადადიხარ, კედელს იშენებ, მარტო იმას ფიქრობ, რომ რუსეთს არ აწყენინო, ეს უკვე დანაშაულია. ახლა რუსეთს გინდ აწყენინე და გინდ ნუ აწყენინებ. ცხადია, ეს ოკუპაცია გაგრძელდება და გადაიზრდება ანექსიაში, თუ რუსეთი არ შევაჩერეთ. რეფერენდუმებიც შეიძლება ჩატარდეს ორივე რეგიონში რუსეთთან მათი მიერთების მიზნით. გვესმის, ეს ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე. თუ ჩვენ ამ ვითარებაში ისეთ პოზას დავიკავებთ, რომ არ გვინდა რუსეთის განაწყენება და რაც უნდა, ის აკეთოს ჩვენს ტერიტორიაზე, მაშინ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რაღა უნდა მოვთხოვოთ? შენ თუ საკუთარი მიწა-წყალი არ დაიცავი, რატომ დაიცავს მას ამერიკა და ევროკავშირი? ომი არავის გვინდა და არც არავინ გვიბიძგებს ომისკენ. სხვათაშორის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის ნიშანდობლივი განცხადება იყო, ჩვენ როდის ვიძახდით, რომ ევროკავშირი ომისკენ გვიბიძგებსო. მართლა ოთხი თვეა, სხვას არაფერს ამბობენ და ახლა უარყოფენ. სამხარაძეს თუ არ მოუსმენია, გადაახვიოს ირაკლი კობახიძის და მისი სხვა კოლეგების განცხადებები, ნახოს ერთი, რას ამბობდნენ. ისეთი განცხადებები აკეთეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, მეგობრობა და პარტნიორობა კი არა, ურთიერთობაც არ უნდა უნდოდეთ ჩვენთან. ამის მიუხედავად, მაინც ჩამოდიან, გვეხმარებიან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ეს საზოგადოების სრული კონსოლიდაციით უნდა დაიძლიოს. არ უნდა მივცეთ მათ არათანმიმდევრული და ხშირ შემთხვევაში, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გატარების უფლება. ოკუპანტთან თანამშრომლობა არის კოლაბორაციონიზმი. ამ კოლაბორაციონიზმს არ უნდა გადაყვეს ქვეყნის მომავალი, საჭიროა, კონსოლიდაცია და ბრძოლა.
– კოლაბორაციონიზმი ცოტა რბილად ნათქვამი მგონია ამ შემთხვევაში. უკვე რამდენიმე დღეა ამ საკითხზეა ლაპარაკი, თავად აფხაზები ეწინააღმდეგებიან ბიჭვინთის ტერიტორიისა და საზღვაო აკვატორიის 49 წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემას, აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიის დაწყებას და საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ერთი საპროტესტო განცხადება არ გაუკეთებია. ეს უკვე კოლაბორაციონიზმი კი არა, სამშობლოს ღალატია, არა?
– რბილი ნათქვამი ნამდვილად არ არის კოლაბორაციონიზმი. პოლიტიკურ-სამართლებრივი ტერმინია, რომელიც განსაზღვრავს შენი დე ფაქტო ხელისუფლების ურთიერთობას ოკუპანტთან, რაც გულისხმობს ამ საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობას და მისი ინტერესების დაცვას. კი, კოლაბორაციონიზმი სამშობლოს ღალატია და სხვა არაფერი. კოლაბორაციონიზმი ავტომატურად არის ერთ-ერთი ფორმა სამშობლოს ღალატისა. სამშობლოს შეიძლება უღალატო იმითაც, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და საიდუმლო მასალები გადასცე მტერს და შეიძლება, მტერთან, ოკუპანტთან ითანამშრომლო და ამ თანამშრომლობით უღალატო სამშობლოს.
კომენტარები