რამდენიმე წუთის წინ, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა პარტიის იმ წევრებს, რომლებიც პარტიაში შიდაპარტიულ არჩევნებს ითხოვენ და განაცხადა, რომ მზად არის პარტიის წევრებთან სალაპარაკოდ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნების წინააღმდეგი არაა, თუმცა, მიიჩნევს, რომ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნა ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და ვინც ითხოვს ახლა პარტიაში არჩევნებს, მათ შორსმიმავალი მიზნები აქვთ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა შორსმიმავალ მიზნებში და სადამდე? თავმჯდომარეობამდე, თუ?
ახლა ჯერი იმ პირებზეა, რომლებიც შიდაპარტიულ არჩევნებს ითხოვენ ისაუბრებენ მელიასთან? შეთანხმდებიან? შეცვლიან მოთხოვნას? ფაქტია, ნიკა მელიას არ გადადგომაზე უსაუბრია, არც არჩევნების თარიღზე და განაცხადა, რომ მზად არის თავადაც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ისევ იბრძოლოს თავმჯდომარეობისთვის.
ნიკა მელია:
„ჩემი კოლეგების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე არაფერი ახალი არ თქმულა, არაფერი ახალი არ მომისმენია, გარდა თავად განცხადების ფორმისა, რა ფორმითაც ეს გაკეთდა მაშინ, როდესაც პარტიაში ყოველდღიური, ინტენსიური პარტიული მსჯელობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო საზოგადოების ინფორმირება და განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების. თუ რა გახდა რეალური მიზეზი და მიზანი ამ საკითხის ასე ნაჩქარევად, ამ ფორმით, ასე მოუმზადებლად გამოტანისა, ამას უახლოესი პერიოდი მოჰფენს ნათელს. განსაკუთრებით დღეს, როცა ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გვესაუბრა ევროპარლამენტის განცხადებების თაობაზე, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს. ზემოაღნიშნულ კონსულტაციებში, თვე-ნახევრის წინ გამოვედი პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე ინიციატივით, მათ შორის იმ ადამიანების თანდასწრებით, რომლებიც დილიდან საუბრობენ არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. თანხმობა არჩევნების ჩატარების თაობაზე იყო ყველა ჯგუფის მხრიდან. ერთადერთი მსჯელობის საგანი რჩებოდა პირველ რიგში, როდის, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს. თუ ჩემთვის არის რაიმე კომფორტული, ეს არის არჩევნები, არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იქნება ეს გარე, თუ შიდა ტიპის არჩევნები. განსაკუთრებთ, როდესაც ის არის უზრუნველყოფილი ათი ათასობით ამომრჩევლის თანამონაწილეობით. არჩევნები, სადაც შენ შესაძლებლობა გეძლევა, ესაუბრო საკუთარ ამომრჩეველს, მაშინ, როდესაც ბევრი საკითხი დაგროვდა, რაზეც მათთან მსურს საუბარი. ყველამ იცოდეს, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მზად ვარ და ვიქნები მით უფრო, როცა ძალიან ბევრი სიმართლის თაობაზე მაქვს სასაუბრო საკუთარი პარტიის ამომრჩეველთან. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების ფორმატში.
პატივისცემით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით ეს იციან ჩემმა იმ კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში უკანასკნელი თვე-ნახევრის განმავლობაში პირადად მონაწილეობდნენ და მათ გარდა, სულ მცირე 500-600 ადამიანთან მაქვს ამ ყველაფერზე ნასაუბრები. დეტალების თაობაზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს, მათ შორის იმ ადამიანების თანამონაწილეობით, ვინც დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც, როგორც ჩანს, შორს მიმავალი მიზნები აქვს, რასაც უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ. პირველ რიგში, მსურს, რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ ეს უნდა იყოს ორგანიზებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალი ათასი და ათიათასობით ამომრჩევლით უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც გვეყოლება კონკურენტი და იმედია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამის მოსურნე არის, მხოლოდ მივესალმები. ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლეზე, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების პირისპირ, მათ მიეცემათ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის და ქვეყნის განვითარებას“
კომენტარები