ანი დვალიშვილი, ალია
გილოცავთ! ძალიან მალე საწვავის ფასი ისევ მოიმატებს და თუ აქამდე ეს ყველაფერი მოულოდნელად ხდებოდა, ახლა შემომტანი კომპანიების წარმომადგენლებმა მოურიდებლად გვითხრეს – საწვავი გაძვირდება და არ შეიმჩნიოთო. აბა, როგორ გინდათ, ლარი რომ 3-იან ნიშნულს ჩამოცდა, კარგი იყო? მოკლედ, საწვავი აუცილებლად მოიმატებს და ხელისუფლება არ განიხილავს მასზე ფასის შემცირების რამდენიმე ვარიანტს – მცურავ ბაჟსა და აქციზის შემცირებას. ორივე შემთხვევაში, ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ლარით ნაკლები შევა, რაც არავის აწყობს. ჰო, ვისაც ჰგონია, რომ ავტომობილის ყოლა ბუნებრივ აირზე სანერვიულო არ არის, მათაც „დავამშვიდებთ“ – როგორც თხევადი, ისე ბუნებრივი აირის ფასის მატებაც იგეგმება და ეს ყველაფერი, წესით ამ კვირის ბოლოს უნდა მოხდეს.
გასული კვირა იმითაც გამოირჩეოდა, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა განგაშის ზარებს შემოჰკრა – გაძვირებული კომუნალური მოგვივიდა და მთავრობა ხომ გვეუბნებოდა, არ გაძვირებულაო? ხელისუფლებამ თავი იმართლა, ჩვენ არაფერი მოგვიმატებიაო, თუმცა როგორც იცით, საქსტატიც სახელმწიფო უწყებაა და მისი მონაცემებით, იანვარში ბუნებრივი გაზის გადასახადი – 78,3%-ით, ელექტროენერგიის გადასახადი – 73,8%-ით, ნაგვის გატანის გადასახადი – 58,1%-ით, ხოლო წყლის გადასახადი – 57,7%-ით გაძვირდა. მტკიცების მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბიზნესს შეეხო, არ არის ასახული იმ ქვითრებში, რომელიც მოსახლეობამ მიიღო და რაც მთავარია, ახსნაც ისეთი აბსურდული და აბდა-უბდა იყო, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ადამიანები ძვირს იხდიან. ჰო, ბიზნესზე რომ ვთქვათ, მწარმოებელს გაზი და დენი ლამის 100%-ით რომ გაუძვირდა, პროდუქციის ფასს იგივეს დატოვებს თუ მოუმატებს? და პროდუქციის მომხმარებელი ვინ არის?! მოკლედ, ქამრის ბალთა კიდევ ერთ ნახვრეტზე უნდა გადავწიოთ.
ეროვნული ვალუტის გამყარებას ექსპერტები უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებითა და კიდევ იმით ხსნიან, რომ პოლიტიკური სტაბილურობის შეგრძნება გაჩნდა. ანუ, შეგრძნება იმისა, რომ სააკაშვილი ციხიდან არ გამოვა, არეულობა არ იქნება… ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია ექსპერტთა შეფასებები, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ისინი თავის დროზე ვალუტის გაუფასურებას სწორედ არასტაბილურობის შეგრძნებას აბრალებდნენ. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ლარის გამყარების მიუხედავად, იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. ეს იმის საპასუხოდ, რომ თურმე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს – ინფლაციაც ორნიშნაა, ბატონებო და ეს პირველ რიგში სწორედ მოსახლეობის ჯიბეს ურტყამს.
კომენტარები