„ალია“ ესპანეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, მიშიკო ზალიაშვილს ესაუბრება:
– მიშიკო, ესპანეთში ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის პიკმა გადაიარა. რა შეიცვალა ამით?
– მე ვცხოვრობ ბასკეთში, ქალაქ ვიტორიაში და აქ თავიდანვე შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დაბალი დონით, ვიდრე ესპანეთის სხვა რეგიონებში. აქ 4 ათასამდე დაინფიცირებულია, როდესაც მთელ ესპანეთში 250 ათასს გადასცდა. ყველაზე მეტი ხალხი მადრიდსა და ბარსელონაში დაინფიცირდა და დაიხოცა და ეს სტატისტიკა ჯერ არ იცვლება. აშკარაა, რომ ბოლო დროს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სერიოზული კლებაა.პიკმა გადაიარა კი არა, ბოლო დღეებს ითვლის ვირუსიო, ექსპერტებიც და ხელისუფლებაც ამას ლაპარაკობს. ხალხს იმედი გაუჩნდა. ვირუსი ერთი უბედურებაა და ამ სახლში გამოკეტვამ, ნერვები დააწყვიტა ხალხს.
– აკრძალვების რა ნაწილი მოიხსნა?
– აქ თავიდან არ იყო მკაცრი რეგულაციები, მერე და მერე გაამკაცრეს, 20 ათას რომ გადასცდა დაინფიცირებულთა რიცხვი. ახლა ამას ძალიან ნანობენ, დროულად უნდა მიგვეღო ზომებიო. საათობრივად გადის ხალხი ქუჩაში. დილის 6 საათიდან 10 საათამდე ვისაც ვარჯიში, სირბილი უნდა, იმ ხალხს შეუძლია გამოსვლა. 10–დან 12–მდე მოხუცები გადიან, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი სეირნობს. 12–დან 7 საათამდე ბავშვები გადიან, ოღონდ, ან დედა უნდა გაჰყვეს, ან მამა, ორივე მშობელი ერთად არ შეიძლება და ყველაზე ახლომდებარე პარკში შეგიძლია გაასეირნო. იქ ბავშვს არც ატრაქციონებთან და არც სხვა გასართობებთან შეხება არ უნდა ჰქონდეს, ვერც ველოსიპედით გაიყვან, მაგაზე დაგაჯარიმებენ. მერე 7–დან 9–მდე ისევ მოხუცებისაა ქალაქი და 9–დან 11 საათამდე ვისაც ვარჯიში უნდა, იმათია. თუ ეს და სხვა წესები დაარღვიე, შენთვის განკუთვნილ დროს არ გახვედი, სხვა დროს გახვედი გარეთ, 1500, 2000 ევროა ჯარიმა, მაგრამ პოლიცია შედარებით ლიბერალურად იქცევა. უმეტეს შემთხვევაში, პირველ დარღვევაზე გაფრთხილებას გაძლევენ და მეორედ თუ შეგამჩნიეს, გაჯარიმებენ. უკვე გაიხსნა სილამაზის სალონები და სხვა წვრილი ბიზნესები, მშენებლობა. 11 მაისამდეა კარანტინი და ამბობენ, რომ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ინფიცირებულთა იმაზე მეტი მატება აღარ იქნება, კარანტინი მოიხსნება და მერე ყველაფერი ეტაპობრივად გაიხსნება. ჩემი სამსახურიც გაიხსნა, სამშენებლო ფირმა, მაგრამ მე ვერ ვმუშაობ, რადგან ქალაქ ბილბაოში მაქვს სამსახური და ვიტორიადან მანქანით 4 კაცი დავდიოდით, ქართველები. სხვისი მანქანით დავდიოდი და მანქანაში 2 კაცზე მეტის ჩაჯდომა აკრძალულია. საკუთარი მანქანა არ მყავს და 11 მაისამდე მომიწევს სახლში ჯდომა.
– აფთიაქებსა და მარკეტებში გასვლაზეც კონკრეტული დროა დაწესებული?
– არა, აფთიაქებსა და მარკეტებში ნებისმიერ დროს შეგიძლია გახვიდე, მაგრამ დღეში ოთხჯერ და ხუთჯერ ვერ გახვალ, საჭმლის საყიდლად გასვლას ვერ გამოიყენებ სასეირნოდ. გიმოწმებენ პარკებს, რაღაც უნდა გქონდეს ნაყიდი, რამდენიმე სახეობის პროდუქტი. მარტო საღეჭი რეზინის საყიდლად თუ გახვედი და აჩვენე პოლიციას, ეს ვიყიდეო, დაგაჯარიმებს. მაღაზიებში, გარეთ 2 მეტრიანი დისტანციაა რიგებში, შიგნით 5 კაცს უშვებენ და ვიდრე შეხვალ, მაღაზიის დაცვის თანამშრომელი ხელებს ანტისეპტიკურ ხსნარით გბანს, ცელოფნის ხელთათმანებს გაცმევენ და ისე გიშვებენ. რეზინის ერთჯერადი ხელთათმანიც რომ გეკეთოს, მაინც იმ ცელოფნისას გადაგაცმევენ ზემოდან. ჰო, პირბადე აუცილებელია, მაგის გარეშე ვერ გამოხვალ სახლიდან.
– კომპენსაცის თუ იღებ სახელმწიფოსგან?
– მე კომპენსაციას არ ვიღებ, მეხუთე წელია, უკვე აქ ვარ და მუშაობის უფლება მაქვს, მუშაობს ჩემი მეუღლე, მარი და არანაირი დახმარება სახელმწიფოსგან არ გვეკუთვნის. ამ პანდემიის დროს, ხელფასის 75%–ს მიხდის ჩემი სამშენებლო ფირმა. ჩემი მეუღლე ოჯახებში მუშაობს და კონტრაქტები არ აქვს გაფორმებული, შესაბამისად, მისი დამსაქმებლების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, საერთოდ გადაუხდიდნენ თუ არა რაიმეს. ყველამ გადაუხადა ხელფასი. სიმართლე გითხრა, არ ველოდით. ახლა ერთ სამსახურში დაიწყო მუშაობა. ვინც მუშაობს, სპეციალური სერტიფიკატი აქვს და იმით გადაადგილდებიან.
– ტრანსპორტი მუშაობს?
– ავტობუსი, ტრამვაი არ გაჩერებულა. ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ არის, რამდენიმე ქალაქია ჩაკეტილი. ბასკები წესრიგის მოყვარული ხალხია, პრინციპული. მართლა ძალიან უყვართ თავიანთი სამშობლო და უფრთხილდებიან. აქ, ვიტორიაში, ტრამვაის ხაზი გაყავდათ და პროექტით, ერთ ადგილას ორი ხე უნდა მოეჭრათ, ორად ორი ხე. 200 000 კაცი გავიდა გარეთ საპროტესტო აქციაზე, არ მოჭრათ ეგ ხეებიო. გავიდნენ და აღარ შემოვიდნენ, ვიდრე პროექტი და ტრამვაის მარშრუტი არ შეაცვლევინეს. დიდი ფული დაუჯდა პროექტის შეცვლა სახელმწიფოს, გზა დაგრძელდა. არადა, აქ, ვიტორიაში, სულ 270 000 კაცი ცხოვრობს და ყოველდღე 200 000 კაცი აქციაზე იდგა. მგონი, ვისაც სიარული შეეძლო, ყველა იმ აქციებზე დადიოდა. თბილისში რა ხდება? ან ჩვენს სხვა ქალაქებში? სკვერებს ანადგურებენ, ქალაქებში ჰაერი არ არის, ზაფხულში უკვე სუნთქვა ჭირს და როდესაც რომელიმე სკვერში, ტყე–პარკში ათეულობით ხე უნდა მოჭრან ან, მთლად უნდა გაანადგურონ და სასტუმრო ან რაღაც უნდა ააშენოს კერძო პირმა, 50–100 კაცი ძლივს იყრის თავს. აქ ყველამ იცის, რომ სოფელია, ქალაქი თუ ქვეყანა, იმის ასაშენებლად და მერე დასაცავად, ყველამ თავისი წვლილი უნდა გაიღოს და შენ საქმეს, სხვა არ გააკეთებს. თან არ დაგავიწყდეს, ამ ტრამვაის ახალი ხაზი ვიტორიას მუნიციპალიტეტს გაჰყავდა, სახელმწიფო პროექტი იყო, არანაირი ბიზნეს–ინტერესი ამაში არ იდო, თავიდან ბოლომდე ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ხალხის სასიკეთოდ გაკეთდა, ქალაქის ერთი უბანი მეორე დააკავშირეს. სახელმწიფოს რა დღე დააწიეს და ეს რომ რომელიმე ბიზნესმენს გაებედა, ცოცხალი ვერ გაასწრებდა აქედან. აქ ხეს ტოტი რომ მოატეხო და ვინმემ დაგინახოს, იმ ტოტით მაგრად გცემს, მერე პოლიცია მოვა, იმას მადლობას ეტყვიან, შენ იმხელა ჯარიმას აგკიდებენ, ცხოვრებაში ხესთან ახლოს აღარ ჩაივლი. ბასკეთში სხვანაირი ხალხია, შრომისმოყვარე, უსაქმურებს, ნარკომანებსა და ლოთებს ვერ იტანენ. მეზობელი მყავს მილიონერი, ორი შვილი ჰყავს და ორივე სტუდენტია და საღამოს ბარში მიმტანად მუშაობენ. რა უჭირთ ახლა საიმისო მილიონერის შვილებს, რომ მუშაობენ? ფულის მეტი რა აქვთ, მაგრამ შრომას ახალგაზრდობიდან ეჩვევიან. აქ ეს ჩვეულებრივი ამბავია. წარმოგიდგენია, რომ ქართველი მილიონერის სტუდენტი შვილი ბარში მიმტანად მუშაობდეს? რას ამბობ? ხომ შეარცხვინა დედა, მამა, პაპა, ბებია და მთელი საგვარეულო? ეგეთი საკითხები მაგ წრეში არც განიხილება, სირცხვილია. თუ გაბედა და მუშაობა დაიწყო, შეიძლება, როგორც ოჯახის შემარცხვენელი, სახლიდანაც გააგდონ. კუდაბზიკა ხალხი ვართ და იმიტომაც ვართ ამ დღეში.
– ქართველი ემიგრანტები ბრუნდებიან საქართველოში სხვა და სხვა ქვეყნებიდან და ესპანეთში მყოფები რას აპირებენ?
– ვისაც მე ვიცნობ, აქედან არავინ არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ყველას თავისი აზრი აქვს და მე ვფიქრობ, ვინც ჩამოვა, უარესი დღე მოელის, ვიდრე დღეს აქ არიან. მანდ სამსახურები ისედაც არ იყო და ახალა კიდევ შემცირდება. აქ გაჩერებული ბიზნესის ნაწილი მალე ამუშავდება და ჩვენი ემიგრანტებიც დაუბრუნდებიან სამსახურებს, ვინც ოჯახებში მუშაობდნენ, ისინიც. წამოსვლა შეიძლება იმ ხალხს უნდა, ვინც არალეგალურად მუშაობდა, არანაირი საბუთი არ გააჩნია და ცხადია, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა ამდენ ხანს. ვისაც თავშესაფარს აძლევენ და არ მუშაობენ, იმათ კიდევ დახმარებას აძლევენ, 250 ევრო ფულადი დახმარება და 300 ევრო საჭმლის ფული. 3 წლის მერე, თუ მაინც უმუშევარი ხარ, გიზრდიან თანხას და 900–1100 ევროს გაძლევენ. მეც მქონდა ეს დახმარებები და მუშაობა რომ დავიწყე, მერე მომიხსნეს. ვისაც არც ეს აქვს და არც ლეგალური სამსახური, ის წამოვა თავისთავად.
– ემიგრანტებს, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, არც საკვებით ეხმარებიან?
– სახელმწიფო არა, ეკლესია ეხმარება. ქუჩებში „კათარზისებია“ გახსნილი ყველა ქალაქში და რამდენიმე ადგილას, ჩვეულებრივი ოთახებია. მიხვალ, გაძლევენ ზეთს, შაქარს, ბურღულეულს, რძის ნაწარმს და ბევრ სხვას. იმდენს აძლევენ ერთ ადამიანზე, ერთი კვირა ჰყოფნის. მეორე კვირას კიდევ მიდიან და ა.შ.
– პროდუქტებზე ფასები ხომ არ გაძვირებულა?
– არა, არაფერი გაძვირებულა. იაფი ღირს საჭმელ–სასმელი. აქ მშიერი არავინ არის. ექიმი, მკურნალობა კი ჩვენ, სტატუსიან ემიგრანტებს, უფასო გვქვს.
– თუ ადამიანს კორონავირუსი შეხვდა, რა უნდა ქნას?
– ცხელ ხაზზე დარეკავს და თუ მძიმე სიმპტომები აქვს, დააწვენენ საავადმყოფოში. აქ ერთ ნაცნობს შეხვდა, საავადმყოფოებში მაშინ ადგილები არ იყო და 7 დღე სახლში მკურნალობდა. მერე სასტუმროები გადაკეთდა კლინიკებად და იქ გადაიყვენეს, მოარჩინეს და გამოუშვეს. მეუღლე და 4 შვილი ჰყავს, მაგრამ არც ერთს არ გადაედო. ამ ვირუსისაც ბევრი ვერაფერი გავიგე, სიმართლე გითხრა. ზოგიერთს დააცემინებს და ათ კაცს აავადებს. ეს კაცი კი, ვიდრე დაუდგენდნენ კორონას, მანამდე ხომ სახლში იყო, მერე კიდევ ერთი კვირა, უკვე კორონას დიაგნოზით იყო ცოლ–შვილთან და იმათ არ გადაედოთ. ესპანეთში უფრო მოხუცები იხოცებიან, იტალიის შემდეგ, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. კი, ახალგაზრდებიც დაიღუპნენ, საშუალო ასაკის ხალხიც, მაგრამ 80% მოხუცები დაიღუპნენ. ეს იმიტომ, რომ აქ ხალხი დიდხანს ცოცხლობს. აუზზე დავდივარ და ისეთი მოხუცები დაცურავენ ჩემთან ერთად, შვილიშვილებს რომ მოყავთ და მერე ისინი აცმევენ. ასი და ას წელს გადაცილებული ხალხი დადის. პარკებში ვისაც თავი აქვს, ყველა დარბის, ვისაც სირბილი არ შეუძლია, გამოდის და 1–2 საათი ყოველდღე სეირნობს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოა და საკვები არ აკლიათ, ძილის, კვების რეჟიმს იცავენ, ყველას დაზღვევა და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება აქვთ. სიბერეში კარგი პენსია და ნერვებიც წესრიგში აქვთ. საქართველოში 70 წლის მოხუცს გარეთ არ უშვებენ და პარკში სარბენად თუ სასეირნოდ გაუშვებენ? რა ვიცი, ესეც თავისებური კულტურაა და ჩვენ აშკარად გვაკლია.
წავედი ახლა, აქ უკვე საღამოს 8 საათი შესრულდა და აქ, ყოველ დღე, 8 საათზე ხალხი გადის აივნებზე და ექიმებისადმი პატივისცემას, მათ გამხნევებას ტაშით გამოხატავენ. ეს პროცესი, სანახაობა ძალიან უყვარს ჩემს 5 წლის დანიელას და ჯერ არც ერთხელ არ გამოუტოვებია.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
კომენტარები