მთარგმნელი, ჟურნალისტი თეა გვასალია:
,,არ ვიცი სად შენდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა. მაგრამ ეს რომ გაიყიდა და მალე დაანგრევენ, კი დამწყდა გული. შენობა, არქიტექტურულად დიდი არაფერი, არც ისტორიული ძეგლია და არც ორიგინალობით გამოირჩევა. მაგრამ 90-იან წლებში რომ მივედით პირველ არხზე, სტუდია „მაესტრო“ გავაკეთეთ და 10 ბედნიერი წელი გავატარეთ მესამე კორპუსის ორ პატარა ოთახში და ჩვენი ხელით აწყობილ სამონტაჟოში, შუაღამემდე რომ ვამონტაჟებდით იმ დროისთვის ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს და გაყინული, ჩაბნელებული ქუჩებით ვბრუნდებოდით სახლში, მეორე დღეს, დილიდან სიხარულით რომ გავქცეულიყავით სამსახურში და ახალ სიუჟეტებზე გვეფიქრა, აი ეს შეგრძნება მახსენებდა თავს, რამდენჯერაც საზმაუს ჩავუვლიდი და გულში სითბო მეღვრებოდა.
„ვისოლის“ მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები, ცხადია სულის ვერანაირ სიმებს ვერ შემიტოკებს, რაც ალბათ უკეთესიც იქნება, რადგან გულის ასაფართხალებლად ყოფილი გამომცემლობის, ახლა რომ „სტამბა“ ჰქვია, ის შენობაც მეყოფა. იქ, მეორე სართულზე, ბელინსკის ასახვევისკენ, კუთხის ორი ფანჯარა დედაჩემის კაბინეტის იყო. მე, ყოველ დღე, რა საქმეც არ უნდა მქონოდა, ყველაფერს ვდებდი და მანქანით ვაკითხავდი, სამსახურის შემდეგ სახლში რომ წამეყვანა. ახლაც, რამდენჯერაც იქით მოვხვდები, ინსტინქტურად მეორე სართულის ფანჯრებს ავხედავ ხოლმე, რომლის უფარდო მინებს მიღმა ცივი, თეთრი კედლების მეტი არაფერი ჩანს და ის სიცივე, თავისი თეთრი თითებით გულზე რომ მომიცაცუნებს, ორ წამში მაბრუნებს რეალობაში, ვხვდები, რომ იქ არავინ მელოდება, მუხრუჭიდან ფეხს ვიღებ და შორიდან მადლობას ვუთვლი სასტუმროს მფლობელებს, შენობა რომ არ დაანგრიეს, ახალი არ ააშენეს და იმ ბედნიერ წარსულთან დამაკავშირებელი ხიდი არ ამიფეთქეს, თბილისში არავის საფლავი რომ არ მქონდა, მიცვალებულთა დღეს ყვავილები რომ მიმეტანა.”
კომენტარები