თბილისის მერია ტურისტულ ობიექტების დასუფთავების გადასახადისთვის 1000-ლარიან ერთჯერად ვაუჩერებს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მერიამ საკრებულოში წარადგინა პროექტი, რომლის თანახმად, იურიდიულ პირებს დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი ეზრდებათ. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
„შემოდის 1000-ლარიანი ვაუჩერები ტურისტული ობიექტებისთვის, ესენია კვების ობიექტები და სასტუმროები. მათ შეეძლებათ ერთი წლის განმავლობაში ისარგებლონ ამ სუბსიდიით და შემდეგ დაიწყონ გადახდა. ამ სუბსიდიას მუნიციპალიტეტი გამოყოფს სუბიექტების სასარგებლოდ“, – განაცხადა ხმალაძემ.
არ მიგვაჩნია სწორად, მუდმივად ვასუბსიდიროთ ბიზნესი – ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურეობის 70% სწორედ ბიზნეს-სექტორის ხმარდება, ხოლო შემოსული გადასახადი ამის ნახევარიც არ არის.
„დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ ბიზნეს-სექტორისთვის, მათთვის, ვინც ეწევა მომგებიან საქმიანობას, იზრდება ასევე სახელმწიფო დაწესებულებებისთვის. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო სექტორისთვის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დასუფთავების მნიშვნელოვან სუბსიდირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტი და სწორად არ მიგვაჩნია, მუდმივად ვასუბსიდიროთ ეს სექტორი. ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მათი მოსაკრებელი იყოს იმდენი, რამდენიც იხარჯება მათთვის მომსახურეობის სახით. „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურეობის 70% მოდის ბიზნეს-სექტორზე“, – განაცხადა ხმალაძემ.
კომენტარები