„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში კახეთში მოგზაურობაზე წერს:
„ბევრგან მიმოგზაურია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, საქართველოს მრავალ კუთხეში, მაგრამ კახეთში პირველად ჩავედი და ჩამოვედი ისნის მეტროსთან განლაგებული ტაქსებით.
სრულიად შოკირებული ვარ … მეგონა, რომ კრუელა დევილის მანქანაში ვიჯექი. წინა საუკუნეში დამზადებულ ავტომობილებს ას ოცი და ას ოცდაათი კმ/სთ სიჩქარით ატარებენ, ტანჯავენ მოძველებულ მექანიზმს, მარჯვენასაჭიანი მანქანის მძღოლები თავზეხელაღებულად და უსინდისოდ ცდილობენ ტრაილერებისა და ბენზინმზიდების გადასწრებას. გადასწრების დროს ხელი უბისკენ მიაქვთ, საჭესთან ახლოს ღილაკი აქვთ, რომლითაც ძრავს ხან ბენზინზე გადართავენ, ხან გაზზე, ხან კი საერთოდ თიშავენ მოტორს.
შიშის გამოხატვისგან თავის შეკავება ბავშვობაში მასწავლეს, შესაბამისად, გარეგანი სიმშვიდით ვადევნებდი ამ სიგიჟეს თვალს, მაგრამ გარდერობივით თანამგზავრი, რომელსაც აბდულშაჰილის გარეგნობა ჰქონდა, დაპატარავებული მეჩვენა. ატეხეს გნიასი. თანამგზავრთა პროტესტის მიუხედავად ხომალდის კაპიტანმა მხოლოდ რამდენიმე წუთით შეიცვალა ჩვეულება, რომელიც რჯულზე უმტკიცესი აღმოჩნდა. ბოლოს ყველა გაისუსა, რადგან ვერაფერი გააწყვეს. ჩვენი მძღოლი გულახდილობის ხასიათზე დადგა, დამიწყო იმის მოყოლა, რომ დიდი დრო გაატარა ციხეში, პრობაციონერია, დროგამოშვებით თითის დასაჭერად დაიარება ბიუროში და სიცოცხლეც მოჰბეზრებია. შევძრწუნდი და მზესუმზირების, ზვრების სილამაზეზე დავუწყე ლაპარაკი, ციხის შემდეგ ცხოვრების ხელახლა დაწყების შანსების მიმოხილვაც მოვუმზადე…
მანქანიდან ჩამოსვლის დროს ვკითხე, რამდენი მოგართვათ-მეთქი… მომართვა რა, მოჯ…ული ხომ არ არისო !!! აქ უკვე მარჯვენა მხარე წამერთვა და წავბარბაცდი …
უმუშევრობას, სიღარიბეს, უპერსპექტივობას, სახელმწიფოს უფუნქციობასა და არარსებობას მივყავართ ასეთ სატრანსპორტო სისტემასთან.
ღმერთო დალოცე ყველა მგზავრი! რა მაცინებს …“
კომენტარები