გორში გარდაცვლილი 4 წლის მოზარდის მკურნალი ექიმი, “ტვ პირველთან” პირველ განმარტებას აკეთებს.
გორმედის ექიმი, ნანა ნინიაშვილი:
“საღამოს, კვირას დამიკავშირდა ტელეფონით, რჩევა მკითხა, მე დავიბარე კონსულტაციაზე და 16-ში დილის საათებში მოიყვანა ბავშვი. დამძიმებისკენ, რომ ყოფილიყო როგორ გავუშვებდი ბინაზე, დედის გადმოცემით გაუმჯობესებულ მდგომარეობაში იყო და თვითონ გამონაყარიც ალაგების პროცესში იყო, თუმცაღა გამონაყარი იყო ძალიან ჭარბი.
არსებობს ასეთი აგრესიული მეორე ტალღით წამოსვლა დაავადებისა, როდესაც ხდება შინაგან ორგანოებში იგივე გამონაყარის წამოსვლა, როგორც არის გარეგნულად, ანუ კანზე, ეს იწვევს შემდეგ სეპტიურ შოკს. მე ვფიქრობ, რომ მოხდა გართულება, მეორე ტალღად განვითარდა ეს ჩუტყვავილას შეტევა. მე გავსინჯე ბავშვი, ფილტვებზე მოვუსმინე, სუნთქვა ნორმალური იყო, გულისცემა ნორმალური იყო, ბავშვი ადეკვატური იყო, აქტიური იყო, აბა სხვანაირად სახლში, როგორ გავუშვებდი”
შეგახსენებთ, რომ გორში, 4 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილა გახდა – ინფორმაციას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
ბავშვის ოჯახი ამტკიცებს, რომ გორში ექიმები საკუთარ საქმეს გულგრილად მოეკიდნენ, რაც ფატალური შედეგის მიზეზი გახდა.
ამასთანავე, 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
რაც შეეხება “გორმედს“, კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის სტაციონარულ მკურნალობაზე უარი მშობლებმა განაცხადეს.
კომენტარები