ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. მარტო დარჩენილი დედა ყოველდღე დადის ერთადერთი შვილის საფლავზე. მანანა გვასალია ამბობს, რომ ჯერ ისევ უჭირს შვილის არყოფნის დაჯერება, ოთახში დაბრუნებულს მწოლიარე ჯაბა ისევ ეგულება.
12 წლიანი კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი შვილის სასთუმალთან მდგომ დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჩივილები აქვს. აწუხებს ხერხემალი, ფეხებში სიმძიმე, თითების დაბუჟება. აქვს მარტოობით გამოწვეული შიშები.
“ჯანმრთელობა შერყეული მაქვს. წუხელ ისე ცუდად ვიყავი, ლამის მოვკვდი. ფეხები ცუდ მდგომარეობაში მაქვს, ფეხის სამი თითი დაბუჟებული და დასიებული მაქვს. ხერხემალი მტკივა. ადგომა რომ მინდა, ნახევარი საათი მჭირდება, რომ წამოვდგე. უძილობამ გამომფიტა. ნევროზული მდგომარეობა მაქვს, შიშები მიპყრობს. ვშიშობ, დილამდე მივაღწევ თუ არა. არ ვიცი, რატომ მაქვს ეს შეგრძნება. ექიმთან მისვლა მინდა, მაგრამ მარტო ვერ წავალ. მეშინია, გზაში ცუდად არ გავხდე. ასეთი ნევროზული შიშები მაქვს. მარტოობა ძალიან მიჭირს. ასეთი გაჭირვების დროს ვიღაც გვერდით ჰყავთ ადამიანებს, მე სულ მარტო ვარ. თბილისში არავინ მყავს. სენაკიდან ხანდახან კი ჩამოდის ნათესავების ოჯახი, მაგრამ ჩემს მარტოობას ეს რას შველის?”, – განაცხადა ჯაბა ბოჯგუას დედამ “პრაიმტაიმთან”.
კომენტარები