მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო მკურნალობაზე კვლავ უარს აცხადებს. მისი წერილი პატიმრის პირადმა ექიმმა პაციენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან წაიკითხა.
„დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევისთვის. ამ განცხადებიდან დაახლოებით 6 საათში, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები.
მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას. დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ასევე ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ დედაჩემს, რომელსაც შემოსვლისა და ჩემი ნახვის ყველანაირი ნებართვა ჰქონდა, 4 საათი ალოდინეს ქუჩაში და დააბრუნეს უკან, თბილისში. ასევე, ერთი საათის განმავლობაში, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს, სანამ ჰოსპიტლის ადმინისტრაცია არ ჩაერია.
ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე და მათ არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემ წინააღმდეგ. ამიტომ ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და პროტესტს არ შევწყვეტ მანამდე, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ჩემ წინააღმდეგ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
კომენტარები