2 დღის წინ უმძიმესი კადრები გავრცელდა, როგორ ცდილობდა ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა ივანიშვილის რეზიდენციასთან, კლდიდან გადახტომას და თავის მოკვლას. თამუნა იარაჯული შშმ პირის დედაა. ის დიდი ხანია იბრძვის იმისთვის, რომ შშმ პირების პენსია 300 ლარი მაინც გახდეს და წამლები სადაზღვევო პაკეტში შევიდეს. ეს ის მინიმუმია, რაც უნარშეზღუდულ ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ იცოცხლონ. რამდენიმე დღის წინ მის გაჭირვებას ისიც დაემატა, რომ თამუნა იარაჯულს გაზი ჩაუჭრეს და სამი შვილი სიცივეში დარჩა. ის დავალიანების გადავადებას, მისივე თქმით, მხოლოდ 8 დღით ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.
მოგვიანებით, გავრცელდა ლევან ნიკოლეიშვილის წერილი, რომელიც თამარ იარაჯულს ტყუილში ადანაშაულებს.
თამარ იარაჯული, “მთავარი არხის” ეთერით, იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც მას ტყუილში ადანაშაულებს:
“ეს ადამიანები არიან სამკურნალო, ათასი კაცი რომ ერთი და იგივე აზრს იმეორებს, ეს ნიშნავს იმას, რომ არც განათლება აქვთ, არც ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჯანმრთელი, განსხვავებული აზრი თუ არ არსებობს, მაშინ არაჯანსაღ გარემოში ვცხოვრობთ.
ზუსტად ასეთი აქტივი რომ ჰყავს, ამიტომაა რომ ოცნება ჩაიძირა.
ლევან ნიკოლეიშვილს ვერაფერს ვუპასუხებ, მისი წარსულიდან მოყოლებული, ახლა გავიგე საერთოდ ვინ იყო, არ მიმაჩნია სერიოზულად, რომ მას ვუპასუხო, თუმცა ვუპასუხებ მის დამკვეთებს – ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, გომელაურს, გონს მოეგეთ, დღეს ვთქვი, ომი გინდათ? – მიიღებთ და მიიღებენ აუცილებლად.
უფლებადამცველი ვარ, ბევრი ინფორმაცია მაქვს, რომელსაც ვინახავ, მაქვს ინფორმაცია უკანონო თვალთვალზე, ვის დასდევენ, ვის დევნიან და ა.შ. ვიდეომასალები მაქვს, ხელისუფლების მაღალჩინოსნები, როგორ აშანტაჟებენ, აშინებენ კონკრეტულ ადამიანებს, სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი, იმიტომ რომ ლევან ნიკოლეიშვილს არასოდეს არ ქონია ჩემთან კავშირი არანაირი.
თამარ იარაჯულმა ეთერში განაცხადა, რომ ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, თუ დატოვებს ქვეყანას დროებით, იმ შემთხვევაში გაასაჯაროებს მტკიცებულებებს.
კომენტარები