„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კოსტიტუციონალისტი, ვალერიან ხაბურძანია:
– ხელისუფლებამ გამოაცხადა კომენდანტის საათი, თუმცა მას უწოდა „გადაადგილების შეზღუდვა“. ამბობს, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავამკაცრო ზომებიო – როგორ გგონიათ საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც გეგმავს? მეჩვენება, თუ ხელისუფლება მეტად უმატებს დუღილის ტემპერატურას?
– საგანგებო მდგომარეობა ახლა რომ შემოიღონ, ვინმე შეასრულებს ამ საგანგებო მდგომარეობას? ეგ გავლილი მაქვს, ახლა „პარადი მიჰყავთ უპასუხისმგებლო უტვინოებს“, ვინც ჭკვიანია და აზროვნებს, იმათ ჯერ ეშინიათ, ფიქრობენ, ვაიდა, ამ უტვინოებს გაუმართლოთ… მე გარკვეული ალბათობით ვუშვებ, რომ „ნაციონალებმა“ მოატყუეს „ოცნება“, იმიტო კი არ მოატყუეს, რომ ჭკვიანები არიან, არა, ისეთი რამ შესთავაზეს, რაც თითქოს „ოცნებასაც“ აწყობდა – „ოცნებამაც“ და „ნაციონალებმაც“ დაიწყეს სხვა, უფრო მცირე პარტიების ხმების გაყოფა, ერთი შენ, ერთი მე პრინციპით და ეს მოხდა უფრო რეგიონის უბნებში და იქ სადაც ამ ორი პარტიის და მათთან აფილირებილი ადამიანები შეადგენდნენ საუბნო კომისიებს, სხვანაირად ვერ ვიგებ – ნუთუ, მართლა ამდენი დაუბალანსებელი ოქმებია? როგორ? ყველგან ხომ ჰყავდათ კომისიის წვერები „ნაციონალებს“, ზოგან სხვა პარტიებსაც? „ნაციონალები“ იძახიან, გააყალბეს არჩევნებიო, რა სინდისით-ნამუსით იძახიან, როცა ოქმები არა აქვთ გასაჩივრებული? ეს იყო ალბათ მათი ტაქტიკა. მე რომ ვყოფილიყავი „ნაციონალი“, ღმერთმა დამიფარა, ალბათ, ასე ვიზამდი. ხელისუფლება ამ საქმეში გაიყვანეს, ასე ვთქვათ, წილში და მერე თქვეს, აი, გაყალბდაო. ოპოზიცია არასოდეს არის პასუხისმგებელი არჩევნების გაყალბებაზე, კიდეც რომ აღმოაჩინონ ოქმებში, რომ „ნაციონალებსა“ და ხელისუფლებას აქვთ ხმები დამატებული, რას იტყვის ხელისუფლება? გავაყალბეთ „ნაცებთან“ ერთადო? ყველაზე ცუდი ვარიანტია ეს, ახლა რასაც ვამბობ, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბებაში ერიოს „ნაციონალების“ ხელიც და „ოცნებისაც“, მე ამას დადასტურებულად ვერ ვამბობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ ამის საპირისპირო არავის უთქვამს ან დაუმტკიცებია.
– იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი არჩევნები ჩაინიშნა და „ოცნებამ“ უკან დაიხია, ვის მიემატება იმ ადამიანების ხმები, ვინც ორჭოფობდა?
– უპირატესობა მორალური და პოლიტიკურიც, იქნება „ნაციონალების“ მხარეს. ხალხი მერყევია, „ოცნების“ მომხრეებს ბევრს დაემართება ნიჰილიზმი, დაუჯერებლობა, შიში, „ნაციონალებს“ პირიქით, ეს ფაქტი ფრთას შეასხამს. თუ მიდიოდა ერთი, მივა – სამი, ერთი ამომრჩეველი ექცევა სამად. თუ მესამე ძალის ფორმირებას მოახდენენ ქვეყანაში, მაშინ მესამე ძალა დაიჭერს იმ ხმებს, რასაც დაკარგავს „ოცნება“. რეალურად, „ნაციონალები“ ცალკე სექატაა, უღირებულებო, უფასეულებო სექტა… ისინი ჰგვანან ზვიადისტებს, ცუდი გაგებით ზვიადისტებს, აი, გასაცოდავებული ქალი ზვიადისტები რომ არიან, ისეთს – ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის პოლიტიკური სექტა. სექტა რა არის – ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც აქვს განყენებული შეხედულებები და ეს შეხედულებები არის სრულიად უაზრო, არარეალური და საფრთხის მომტანი – ამ თვალსაზრისით ესენი არიან პოლიტიკის სექტანტები. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გაჩნდა ხინჯი – მელიამ უკვე თავი წარმოიდგინა რევოლუციის ლიდერად, გლდანი მოიგო და ახალგაზრდა კაცია, ცოტა რაღაცები ეჩვენება, როგორც ჩანს, იმიტომ გაცოფდა სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე. გარემოცვა ეუბნება, ყოჩაღ ნიკა, – ასე ხდება, ადამიანები ქმნიან ლიდერებს და მერე თავად ადამიანები ღუპავენ ამ ლიდერებს. თქვენ რა გგონიათ, სააკაშვილი ცხოვრებისეული გამბედაობით გამოირჩეოდა? ირგვლივ ჰყავდა ვირეშმაკა, გველაძუა ადამიანები და ეძახდნენ, მიდი, მიშა, მაგარი ხარ, მიდი, მიშა და ეს ხომ სულელია… ასეა, სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, გიჟმა ხიდი გადაირბინა და გადმოირბინაო.
– საპატრიარქო ხმას არ იღებს, არ ულოცავს „ოცნებას“ – ეს ცუდად არ გენიშნათ?
– აი, რატომ უნდა ამოიღოს საპატრიარქომ ხმა? ვის მიულოცოს ჯერ? არ არის არჩევნები დასრულებული. რატომ უნდა იჩქაროს საპატრიარქომ და საერთოდ ვინმეს რატომ უნდა ულოცავდეს რამეს? ეკლესია და სახელმწიფო არის გაყოფილი ერთმანეთისგან, ეკლესიამ შეიძლება გამოთქვას თავისი აზრი პოლიტიკური პროცესებზე, რომლებიც ეხება მას, ან სულიერებას. არც ერთს და არც მეორეს მიმდინარე პროცესები არ ეხება. თუ სამოქალაქო ომის საფრთხე იქნება, ეს გლობალურია და მაშინ უკვე ეს ეხება ეკლესიასაც და უნდა გამოვიდეს და მოუწოდოს მხარეებს მშვიდობისაკენ.
– როგორ გგონიათ, ოპოზიციას ერთიანი გეგმა აქვს? ის პარტიებიც კი, ვინც „ოცნების“ სატელიტებად მიიჩნეოდნენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, და ისინიც კი, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდნენ – არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
– თუ „ოცნება“ რაღაც პარტიებს აფინანსებდა და ხელს უწყობდა – დაფინანსება და ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო იმ გარანტიით, რომ ისინი მისი მოკავშირეები იქნებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა პარტია თვლის, რომ „ოცნებამ“ ისინი გადააგდო – ანუ, „ოცნებამ“ ეს ხმები ვიღაცასთან ერთად მას მოპარა, ასე თვლის ყველა პარტია, სამწუხაროდ. არც ერთი პარტია არ არის, რომელიც ამბობს, რომ აი, ჩემთვის არავის მოუპარავს ხმები, მე ვთვლი, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად – სხვა პოლიტიკური სპექტრიდან ჯერ ერთი კაციც ვერ იპოვნეს ამის მთქმელი. შემადგენლობაშიც არა ჰყავთ სხვა პარტიის წარმომადგენლები. ერთი-ორი კაციც რომ შევიდეს, კიდევ რაღაცა ფონი შეექმნებათ. მე მაგალითად, არ მოგატყუებთ, მინდა, რომ შედგეს პარლამენტი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მართალი გზა. მაგრამ, მე მინდა რომ მშვიდობიან ფარგლებში წავიდეს მოვლენები, მაგრამ ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამის საპირისპიროდ აკეთებს ყველაფერს.
– რას ურჩევთ ხელისუფლებას?
– კი ამბობენ, არაფერი მოხდებაო და მეც მინდა, რომ არაფერი არ მოხდეს, მაგრამ აქეთკენ რომ მიდიხართ და ამ მდგომარეობაში ხართ, ჯერ ერთი, რატომ მოხვდით ამ მდგომარეობაში ეს გაანალიზეთ და მერე მეორე, რაღაც ნაბიჯები მაინც გადადგით, რომ პროცესები ან შეანელოთ, ან შეაჩეროთ. ეს იქნება ბიულეტინების საჯაროდ გადათვლა და თუ ცდომილება არ აღმოჩნდა, ხომ კარგი და თუ აღმოჩნდა – მაშინ, რა გზაა, მიდიხარ განმეორებით არჩევნებამდე. და რაც მალე გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს, მით უკეთესია მათთვის და ქვეყნისთვის, ყოველგვარი რევოლუცია და გადატრიალება ჯამობრივად ყველასთვის ცუდია.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები