ფოტო – იმედი
ტელეკომპანია იმედია ავრცელებს ინფორმაციას მეგის ქარდავას სასამართლო პროცესზე, სადაც ჩვენება მისცა ბელა როგავამ, რომელიც, მედიის ცნობით, ემიგრაციიდან სპეციალურად ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა.
მედია წერს, რომ ბრალდებულისთვის უცნობი იყო, თუ ბელა როგავა გამოცხადდებოდა ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოში. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ მისმა ადვოკატმა და მეგის ქარდავამ მოსამართლეთა პალატის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. აღნიშნულ შემთხვევაში საქმე ხელახლა უნდა განხილულიყო და დაზარალებული, ოქროს მოწმე, ბელა როგავა სასამართლო პროცესზე ვერ გამოიკითხებოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ მეგის ქარდავას შუამდგომლობა დაუსაბუთებლად ცნო. აღნიშნულის შემდეგ როგავა პროცესზე შევიდა ჩვენება მისცა.
ტელეკომპანია იმედის ცნობით, ბელა როგავამ პროცესზე განაცხადა:
„მკითხა, თუ რატომ არ ვაწერდი ხელს ბრალდებაზე. ვუთხარი, რომ ეს მე არ მეკუთვნოდა. როგორც მათ ჰქონდათ ინფორმაცია, დაკავებული ვიყავი მანქანის გატაცებასა და მძღოლის მძევლად აყვანაზე, ახლა არ დავაკონკრეტებ, ნაწილობრივ ვგრძნობ თავს დამნაშავედ ამ საკითხთან მიმართებაში და სასჯელიც მოხდილი მაქვს.
მას ვუთხარი, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაც ვიცოდი, მასზე შემეძლო მესაუბრა, რაზეც მან პასუხად გამარტყა, სილა გამაწნა სახეში. გავიდა ოთახიდან და დაახლოებით, 10 წუთში შემოვიდა არაადეკვატური სახით. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, წინ დამიჯდა და დამიწყო გინება, შეურაცხყოფები და ისევ დამარტყა. ვუთხარი, რომ არ დაერტყა, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი. მას ეს არ აინტერესებდა და მისი პასუხი იყო: „არ მაინტერესებს ფეხმძიმედ ხარ თუ არა, მოგკლავ. ახლა უნდა თქვა ყველაფერი სიმართლე და ამაზეც ხელს მოაწერ“, რაზეც რა თქმა უნდა, მე წინააღმდეგობა გავუწიე. რაც არ ვიცოდი, იმის იქეთ ვერაფერს ვეტყოდი. ის მეუბნებოდა, რომ თანამზრახველები დამესახელებინა.
შემოიტანეს ერთჯერადი ჭიქით უფერული სითხე. ძალიან ცოტა. მივხვდი, რომ ეს არ იყო წყალი. გავუწიე წინააღმდეგობა, რა დროსაც მომქაჩა თმაზე ექონიამ. მან იარაღი აიღო, რადგანაც პირი არ გავაღე და ძალით გამაღებინა პირი, რა დროსაც ჩაიმტვრა კბილი და ეს სითხე კბილთან ერთად გადავყლაპე“
წყარო – ტელეკომპანია იმედი
კომენტარები