ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა, რაც ასე ადრე პირველად მოხდა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა აკეთებს, რომელსაც „ენერგოპლატფორმა“ ციტირებს.
გია ხუბიას განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა.
„ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია. ასე ადრე ეს პირველად მოხდა. მიზეზი – ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა. წყალუხვი წელი არ იყო, მაგრამ არც წყალმცირე ეთქმის, ორივე მოქმედ ჰესზე საშუალო წლიურზე მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ – წლის ბოლომდე ჯამი ასცდება 4, 5 მილიარდ კვტ.სთ-ს. თბობლოკები და იმპორტი იქნება დენის ძირითადი წყარო ოთხი თვის განმავლობაში.
აფხაზეთი, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება, დიდწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, ზამთრის ჩამონადენით ენგური გალი-ოჩამჩირეზე მეტს ვერ დააკმაყოფილებს. რთული ვითარებაა, საიდანაც გამოსავალი ახლო მომავალშიც არ ჩანს“, – აცხადებს გია ხუბუა.
კომენტარები