ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე რაულ ჩილაჩავა რომელიც წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა და რომელიც ახლა საქართველოში იმყოფება ფეისბუქზე წერს:
“როცა 2004 წელს კიევში პირველი მაიდანი გაიმართა, ბევრს ეიფორია მოეძალა და აღფრთოვანებით ამბობდა: უკრაინელი ერი შედგა! ვიქტორ იუშჩენკო შეეცადა საკუთარი პოლიტიკით ეს თეზისი განემტკიცებინა, მაგრამ “შემდგარმა ერმა” მალე იანუკოვიჩი აირჩია და ყირაზე დააყენა მაიდნის მონაპოვარი. მეორე მაიდანიც ერთიანი ერის ჩამოყალიბების მაცნედ ჩათვალეს, მაგრამ მას მოჰყვა ყირიმისა და დონბასის დიდი ნაწილის დაკარგვა. მერე აირჩიეს ზელენსკი (უარი უთხრეს პოროშენკოს, იმ არმიის შემქმნელს, რომელიც ახლა იმარჯვებს), რადგან ის ამბობდა: საკმარისია შევწყვიტოთ სროლა და მე პუტინს ჩავხედო თვალებში, რომ ომი შეწყდესო. ზელენსკიმ ვერ ჩახედა პუტინს თვალებში და რა ომიც მიიღო, კი ვხედავთ. უკრაინის არმიის, მთელი უკრაინელი ხალხის თავგანწირული და უპრეცედენტო სიმამაცის ფონზე კვლავ გვესმის: უკრაინელი ერი შედგა, ზელენსკი კი ლამის მაკედონელად შერაცხონ. მე პირადად ძალიანაც მინდა ასე იყოს (ღმერთმა ქნას, ასეც მოხდეს), მაგრამ დასკვნების გამოტანას მაინც არ ვიჩქარებდი. მიდის ურთულესი პროცესები, რომლებშიც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები მონაწილეობენ. დოსტოევსკისა არ იყოს, სატანა და ანგელოზი ებრძვის ერთმანეთს, ბრძოლის ველი კი კაცის გულია (ამ შემთხვევაში – უკრაინა!) ჯერ გაიმარჯვოს უკრაინამ და მერე ყველა მისაღებ დასკვნას დიდი სიხარულით დავეთანხმები.”
კომენტარები