კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური, სოციალურ ქსელში, მორიგ რჩევებს ავრცელებს და წერს:
“მოკრძალება
როდესაც ადამიანი იბადება, მასში სხვა რაღაცეებთან ერთად, ჩადებულია სიშიშვლისადმი სირცხვილი. შემდეგ ზოგი ამას ანვითარებს, ზოგი ახშობს. მშობლებზე ბევრია დამოკიდებული, ამიტომ მოარიდეთ ბავშვები საპირისპირო სქესის სიშიშვლის ყურებას ზღვასა თუ აუზებზე, ნუ გაუქრობთ ამ ძვირფას გრძნობას. მერე ისევ თქვენი და მათი მომავალი ოჯახების თავის ტკივილი იქნება, გარყვნილების ვნებისგან შექმნილი პრობლემები.
რაც შეგეხებათ ზდასრულებს, არც თქვენთვისაა სახარბიელო სხვისი სიშიშვლის ყურება. არც კაცი და არც ქალი არ უნდა ანახებდეს თავის სხეულს სხვას. მითუმეტეს პატიოსანი, ოჯახის ქალები. ზღვა და ქვიშა იმდენ კარგს არ აძლევს ადამიანის ხორცს, რამდენადაც იქ ნანახი სიშიშვლით სულს უზიანებს, სულის დაზიანებას კი უფრო მძიმე ავადმყოფობებს იწვევს.
საჭმელი აღარ ვარგა, ჰაერი და ეს რამოდენიმე ბანაობამ, რა ძველებს უნდა უშველოს? უკვდავების წყალი ხომ არ არის. ზღვისპირა ქალაქებში ცხოვრობენ და ძვლებიც სტკივათ და სახსრებიც. თქვენც კარგად იცით, რომ ძირითადად მოდის ამბავია, ზაფხულში ზღვაზე ან აუზზე უნდა იყვე და არ ღირს რა.
ზოგი ქმარი კი საერთოდ ცოლს თავად უღებს ასეთ ფოტოს, და მერე ფეისბუქით დედმიწას ანახებს საკუთარი მეუღლის სხეულს, დაფიქრდით, ის მხოლოდ შენია, ვის ათვალიერებინებ? ან ქუჩაში რა უბედურებაა, წელს ზემოთ გახდილი კაცები და ვითომ ჩაცმული ქალები.
მესმის რომ გცხელათ. მაგრამ რო იხდით მინუსებში ვარდება ტემპერატურა? რავიცი, ჩემი მოვალეობა ესაა, ადამიანს კარგისკენ მოვუწოდო და ცუდს განვარიდო. არ მოგწონთ რასაც გირჩევთ? ან არ შეგიძლიათ შესრულება? კი ბატონო.”
“ალია” კომენტარისთვის დაუკავშირდა, არასამთავრობო ორგანიზაცია Femina–ს დამფუძნებელს, ნინო ბაისონაშვილს.
ნინო ბაისონაშვილი:
პირველ რიგში, უნდა ესმოდეს სასულიერო პირს რამდენად დიდია მისი პასუხისმგებლობა, როდესაც ის საჯარო განცხადებებს აკეთებს, იქნება ეს წირვაზე, თუ სოციალურ ქსელში, რადგან ის არის ავტორიტეტი მისი მრევლისთვის – მისი სიტყვები მისი მრევლისა, თუ გამომწერებისათვის არის მნიშვნელოვანი და სარწმუნო. მისი ეს სტატუსი აჩენს რისკს, პირდაპირ წაახალისოს ქალთა, ისედაც წახალისებული, სიძულვილი კულტურაში, რომელიც გვაქვს. საქართველოში გარემო ქალებისა და გოგონებისათვის, ისედაც არასახარბიელოა, ჩვენ ვხედავთ, მთელი რიგი შეზღუდვები, დოგმები, ცალმხრივადაა თავსმოხვეული ქალებისთვის.
ამავე სტატუსში, ჩვენ ვხედავთ, ის ცდილობს გარკვეული, ერთიანი სტანდარტი მიუსადაგოს ორივე სქესს, ქალსაც და კაცსაც, მაგრამ არ ვთვლი, რომ წარმატებით. გამომდინარე კონტექსტიდან, არ არის ჩვენი გარემო, ჩვენი საზოგადოება, კულტურა განწყობილი ერთნაირად ქალების და კაცების მიმართ და მით უმეტეს, ერთნაირი სტანდარტით არ აღიქვამს ქალების და კაცების სიშიშვლეს. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ეს მოსაზრება არ არის გამყარებული, თუნდაც მორწმუნეებისთვის. როდესაც დისკრიმინაციული განცხადებებით გამოდის მოძღვარი, რომელ ბიბლიურ ფრაზას, ან ბიბლიურ ეპიზოდს ეყრდნობა, როდესაც ის მოკრძალების შესახებ საუბრობს და სხეულით არცხვენს ქალებს?
რაც შეეხება სიშიშვლეს ზღვაზე – ეს არის ცალსახად შეცდომაში შემყვანი, ობსკურანტული მოსაზრება, წარმოუდგენელია, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდიოდეს რომელიმე აღმსარებლობასთან. მით უმეტეს, უშუალოდ იმ ნაწილში, სადაც ის საუბრობს “ბავშვების გახრწნაზე”, რაც გამოიხატება, თურმე, ზღვაზე სიშიშვლის ყურებით – ამგვარი განცხადება, საერთოდ, შეფასებას არ ექვემდებარება. ასევე, არაფრითაა გამყარებული ე.წ. სამედიცინო არგუმენტები.
თავიდან ბოლომდე საქმე გვაქვს რიგით უპასუხისგენლო განცხადებასთან, რომლის ზიანის მასშტაბებიც, ხშირად განუზომელია, მაგრამ დროთა განმავლობაში აისახება და ტრასნფორმირდება ისეთ მძიმე შედეგებად, როგორც არის ქალთა მიმართ ძალადობა, ბავშვებისა და გოგონების მიმართა დანაშაულის წახალისება, გოგონებისა და ქალების მიმართ მძიმე სექსუალური დანაშაულებების წახალისება, ფემიციდის წახალისება. შეიძლება ასე პირდაპირ ვერ ვხედავდეთ ამ კავშირებს, მაგრამ როდესაც ამბიონიდან, სოციალური ქსელებიდან სასულიერო პირები ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ნებით, თუ უნებლიედ ისინი ახდენენ გოგონათა და ქალთა დემონიზაციას, ახალისებენ გოგონათა და ქალთა სიძულვილს საზოგადოებაში და კულტურაში. იმის ნაცვლად, რომ სასულიერო პირებმა მონაწილეობა მიიღონ მავნე გენდერული სტერეოტიპების შემცირებაში, პირიქით, მათია ერთ–ერთი წვლილი მის დანერგვაში და ეს უკვე არის ფაქტი.
ასეთი განცხადებების შედეგებს ჩვენ ვხედავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამის შედეგები არ ჩანს ერთბაშად. იქნება სასულიერო პირი, პოლიტიკოსი, თუ მოქალაქე, ყველას აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა სოციუმის გაკეთილშობილების, თუ პირიქით, სოციუმის დეგრადაციის საქმეში, და ამაში ჩვენ ყველას შეგვაქვს ჩვენი კონტრიბუცია. მით უმეტეს, აქ საქმე გვაქვს სასულიერო პირთან, რომელსაც, ფაქტია, ჰყავს ბევრი მიმდევარი, ბევრი გამომწერი, მრევლი, რომელიც უსმენს და რომლისთვისაც მისი სიტყვა კანონია. ცალსახად, მეტი დაფიქრება და პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებს, მით უმეტეს როცა საქმე ეხება ისეთ ჯგუფებს, როგორებიც არიან ქალები, გოგონები და ბავშვები. მე მოვუწოდებდი სიფრთხილისკენ და მეტი დაფიქრებისკენ.
კომენტარები