დღეს კულტურის მინისტრმა მოითხოვა, რომ მსახიობმა ბესო ზანგურმა სასწრაფოდ დატოვოს რუსთაველის თეატრი. მის ამ განცხადებას გამოეხმაურა ბესო ზანგურის ადვოკატი, პაატა შავაძე, რომელმაც დაწერა, რომ თეა წულუკიანმა უნდა დატოვოს პოსტი.
“ალიას” ესაუბრება ადვოკატი პაატა შავაძე.
-დაწერეთ, რომ “კარგი იქნება თუ თეა წულუკიანი დღესვე დატოვებს კულტურის მინისტრის პოსტს!!”
-დიახ, ვთქვი, იმიტომ რომ კულტურის ხელმძღვანელი არ შეიძლება ასეთ განცხადებას აკეთებდეს, დაუსაბუთებელს, უსამართლოს, მოუწოდებს ნიჭიერ, ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბესოს ზანგურს, დატოვე თეატრიო. თეა წულუკიანს ვერ აღვიქვამ როგორც კულუტურის მინისტრს, ის, ამ განცხადებით, უფრო ჰგავს პროკურორს! მან დაუშვა უდიდესი შეცდომა, გინდ სამართლებრივი კუთხით, გინდ ზნეობრივი და მისი ადგილი არ არის ხელისუფლებაში, ვერ ერევა თავის ენას, არ შეუძლია კომუნიზმის გარეშე. დაჯგუფება რომ ჰყავდა წინა სამინისტროში, იქ ჰგონია თავი და ხელოვანი ადამიანები ვერასოდეს იტანდნენ მათრახს და როზგს, ვერც ახლა აიტანენ. კულტურა უნდა გათავისუფლდეს უკულტურო მინისტრისგან.
-გამოითქვა მოსაზრება, მაია ნიკოლეიშვილმაც დაწერა და პრინციპში, მეც ჩავიხედე კანონში – ხანდაზმული ხომ არ არის ეს საქმე?
-თეა წულუკიანმა ხაზი გადაუსვა როგორც უდანაშაულობის პრეზუმციას, ისე ხანდაზმულობის შესახებ კანონს, მუშაობდა პროკურორად, იყო იუსტიციის მინისტრი, მუშაობდა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში და მაინც მოქმედებს პირადი ინტერესების შესაბამისად და არა კანონით. როცა უნდა არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, როცა უნდა არ არსებობს, ხან იცავს სახალხო დამცველი, ხან არ იცავს, როგორც მას აწყობს, ისე ამბობს, პირად მოტივებზეა მორგებული. 100 პროცენტით გეუბნებით, საქმე ხანდაზმულია და სრულ კოლაფსში აღმოჩნდება გამოძიება. ეს არის პირადი ანგარიშსწორება, ბულინგი ბესოს და რობერტ სტურუას წინააღმდეგ. ვიღაცამ ვიღაცას გამარჯობა არ უთხრა – ამაზე აგებენ დღეს საქმეებს.
-ამბობთ, რომ პირადი ინტერესია, რას გულისხმობ? მე არ განვიხილავ უშუალოდ საქმეს, მხოლოდ მინისტრის დღევანდელ განცხადებებს, ბესო ზანგური იყო პირველი, ვინც “ალიასთან” თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მსახიობების დაფინანსება შეწყვიტა, მოგვიანებით, როცა თეა წულუკიანი მინისტრი გახდა, ბესომ, კიდე ერთხელ გაიმეორა ეს და თხოვა მინისტრს, პირველ რიგში ხელფასების მომატებაზე ეზრუნა – შესაძლოა, ეს სწყენოდა და დაემახსოვრებია?
ჯერ ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ! ყველას სჭირდება ხელფასი, მსახიობს არ უნდა არსებობა? არ აინტერესებთ არაფერი, გარდა იმისა, რომ პირბადე ვატაროთ და სახლებში გამოვიკეტოთ. ჟანდარმი მოიყვანეს კულტურის მინისტრად, ჟანდარმი, პირდაპირ დევნის კულტურის მოღვაწეებს და ამას არც მალავს, ღიად თქვა, საწინააღმდეგო აზრი თუ იქნება, უნდა დავადგინო მის უკან ვინ დგასო! ღიად დააანონსა, რომ არ შეეგუება განსხვავებულ აზრს. რამოდენიმე სარჩელი უკვე მზად გვაქვს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ასე “ენაწყლიანი” გახდა და ყველაფერი იკადრე, მოვთხოვთ, დაამტკიცოს თავისი ნათქვამი.
-“ალია” არაერთ შემთხვევაში თვლიდა, რომ მინისტრი წულუკიანი უნდა დაკითხულიყო, მაგალითად, მან ბავშვების გაყიდვაზე გააკეთა განცხადება, თქვა რომ ამის ფაქტები აქვს, მაშინაც არავის დაუკითხავს, ბევრი ასეთი ფაქტის დასახელება შეგვიძლია, რას გვეტყვით, შეძლებთ დაკითხოთ თეა წულუკიანი? შეძლებთ, სამართლებრივად მოსთხოვოთ მას, თქვას, რატომ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია და რა მასალები აქვს ხელთ, რომ მტკიცებით ფორმაში საუბრობს?
-მე ვინც კარგად მიცნობს, იცის, უკან არ დავიხევ. აუცილებლად დაიკითხება, გპირდებით! გამოვითხოვ ჩანაწერს ტელევიზიიდან, ავთენტტურობის დადასტურებასაც მოვითხოვთ და მისი ეს განცხადება გახდება სასამართლოში გამოცხადების წინაპირობა. ათასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ, რომ მოსამართლეს არ ექნება სხვა გზა და მოუწევს წულუკიანის დაბარება!
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები