„ქართული ოცნების“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯიაა, ბიზნესმენ ფრიდონ ინჯიას ვაჟია.
ვერ გეტყვით, ამ ოთხი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელები ილია ინჯიაზე მეტად არიან განაწყენებულნი, თუ ხელისუფლებაზე ზოგადად, ფაქტია, ისინი, ძალიან გააღიაზიანა ქართული ოცნების დელეგატმა თავისი განცხადებებით.
ბოლო პერიოდში, “ალიაში”, არაერთი ადამიანი გვირეკავს ოთხივე მუნიციპალიტეტიდან. ყველაზე მწარე გზავნილები წალენჯიხიდანაა, რადგან, როგორც წალენჯიხელები გვიყვებიან, ილია ინჯია, მმართველის გუნდის ერთ–ერთ ლიდერ, ირაკლი ზარქუასთან ერთად, მათ უმტკიცებს, რომ მოგებული აქვს ქართულ ოცნებას წალენჯიხაში არჩევნები და “პრობლემა ამ მხრივ არ აქვთ.” წალენჯიხელები ვერ ხსნიან, რის საფუძველზე ამტკიცებს ამას მმართველი გუნდი და “ალიასთან” საუბარში ამბობენ, რომ ალბათ, ფულის იმედი აქვთ, “ალბათ, იმედი აქვთ, რომ ადამიანებს მოისყიდიან”, თუმცა, ამბობენ, რომ 2024 წელს ოცნება ვერც დაშინებით და ვერც ფულის გადახდით, იმ შედეგსაც ვერ გაიმეორებს, რაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდა, როცა წააგო.
დღეს, “ალია” შემოგთავაზებთ, იმ ზარების ტექსტური ჩანაწერებისა და წერილების ნაკრებს, რომლებიც რედაქციაში მარტვილიდან შემოვიდა. მარტვილელები განსაკუთრებულად გააღიზიანა სწორედ იმ ვიდეომ, რომელიც ილია ინჯიამ თავად გაავრცელა და სადაც, მარტვილზე და მარტვილში, მის სოფელს და მისი მამაპაპისეულ სახლზე საუბრობს.
“მარტვილში წლებია გზის პრობლემა ვერ მოგვარდა. სხვათა შორის, ვერც ადამიანური ტრანსპორტის. ძალიან ეცადა ილია ინჯია, არ გამოეჩინა როგორი გზაა ამ მილიონერი ადამიანის სოფელში, მამამისის, დეპუტატის სოფელში, გზის ამ მონაკვეთში, ვიდეოს დიდი ნაწილი მანქანაში აქვს გადაღებული, მაგრამ რყევებს რა უნდა უყოს? ხტის მანქანაც და თავადაც იმ საშინელ თხრილებში. როგორი მოხერხებული ოპერატორიც უნდა ჰყოლოდა, იმ გზას, რაც მის სახლამდე მიდის, ვერანაირად გადაახტებოდა და რამდენჯერმე მაინც მოხვდა კადრში. 12 წელი რომ ხელისუფლებაშია მთავრობა და გზა რომ გვაქვს სანატრელი, არ რცხვენია?
ყველა შეხვედრაზე მაგას გაიძახის, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთო, ვინ ჩვენ? ჩვენ, ხალხი უგზო–უკვლო, უწყლო სოფლებიდან უნდა დავეხმაროთ მთავრობას? და თავად რატომ არ დაეხმარა იმ თავის მთავრობას, რომლის ხელშიც მილიონებს შოულობენ? დაეგო ერთი გზა მის სოფელში, დახმარებოდა “ქართულ ოცნებას”! აბა, ჩვენ რით უნდა დავეხმაროთ, ხმები უნდა მივცეთ, რომ ისევ დაუსრულებლად გვხრან, ცალკე ჩვენ, ცალკე ჩვენი ქვეყანა და ცალკე, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი?”
“შვილო, მე წლებია ეგ ბიჭი თვალით არ მინახავს და ახლა, ამ არჩევნების წინ რომ დადის, ვერც ის გავიგე რატომ დადის, ისევ იმას გაიძახის, რასაც 12 წლის წინ გაიძახოდნენ, გზა და წყალი, დენი გექნებათო და დენის ბოძები დალეწილი ყრია სოფლებში და გამკითხავი არავინაა.
ან ამ ვიდეოებს ვისთვის დებს? ინტერნეტი აქ არ გვაქვს სახლებში და ტელეფონიც კი უმეტესად არ იჭერს. ქართული ოცნებისთვის დებს, აქაოდა, ყველაფერი კარგადააო? ზარქუასთვის, კობახიძისთვის და ივანიშვილისთვის დებს? პირდაპირ მათ რომ გადაუგზავნოს? გადმოწერა ძლივს ერთმა და ერთმანეთს უჩვენებდა ხალხი, რა უნდა, ვინმე თუ მიხვდითო.
იარა მარტვილში, დაკარგული ტურისტივით, ესაო დადიანების რეზიდენციააო, ესაო წაჩხურის ტაძარიო, ესაო მარტვილის მონასტერიო – ჩვენ გვაცნობს? თავად ეცნობა? მისი აშენებულია რომელიმე, შვილო? ქართულმა ოცნებამ ააშენა? საუკუნეების წინ აგებულ ციხეებსა და ტაძრებში იარა გადამღები ჯგუფით და ისინი უნდა ავირჩიოთ, ვინც საუკუნეების წინ ესენი ააგო და ვინც იბრძოდა მერე მათ დასაცავად? აბა, რას ითხოვს, რა უნდა?
ამ ხელისუფლების გაკეთებული ვერაფერი გვაჩვენა და რა უნდა ექნაო, – ამბობს ზოგი და გაჩუმებულიყო, შვილო, სულაც გაჩუმებულიყო. კიდევ უკეთესი, სულაც არ ჰყოლოდათ დელეგატი, ასეთ დელეგატს.
დელეგატი, წარმომადგენელს ხომ ნიშნავს? – ვისაც არაფერი გაუკეთებია 12 წელია, იმას დელეგატი რად უნდა, შვილო? არაფერი როგორ უნდა წარადგინო?
ბანკებიც გააუქმეს, შვილო, ზოგ პენსიონერს 10 კილომეტრის გავლა უწევს იმ მათხოვრული პენსიის ასაღებად, იცით?
გული გაუსკდებოდა მის მასწავლებელს ამ ვიდეოს რომ ნახავდა, “ბევრი ბავშვობის მოგონება მაქვსო” თქვა, განა რამდენი ბავშვობა ჰქონდა? ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ბავშვობის ბევრი მოგონება აქვს. არ ვიცი, იქნებ, ივანიშვილს ეჯიბრება ქართული ენის არცოდნაში. მამული, ენა და სარწმუნოებაო – მერე მე გამახსენებენ. ჩემმა შვილიშვილმაც კი იცის მონტაჟი, თუ შეეშალა, მერე თავიდან დაედო ხმა, მაგრამ, არა, შვილო, არ შეშლია, ასე ლაპარაკობს, ისიც და მისი შტაბიც, თუ გუნდიც, სამწუხაროდ.
ხოდა, იარა ამ თავის სოფელში ბევრი და “ბევრი ბავშვობის მოგონება” მაქვს ამ გზებზეო, ამ სოფელზეო და ახლა გაჩვენებთ მაგარ რამეს – აგერ, 2 დიდი ხე, ერთნაირიო, ადრე დარგო ვიღაცამ, ბევრი წლის წინო. 12 წელია რომ ეს ხალხი მთავრობაშია, მამაშენი რომ დეპუტატია და ბიზნესმენები რომ ქვიათ და მათ მშობლიურ სოფელში მთავარი ღირშესანიშნაობა წლების წინ, სხვისი დარგული ორი ხე რომაა, – ამ ხალხს უნდა მივცეთ ხმა, შვილო?
ჩასკდნენ თავად, გაძღნენ, ხალხი გაღატაკებულია, ხალხი გარბის და აგერ, ჩვენმა წინაპარმა 2 დიდი ხე რომ დარგო, მაგისთვის მე მომეცი ხმაო…
დაგვცინიან აშკარად და შედეგებზე გაიცინონ.”
“დაიცალა სოფლები, რაიონები, ქვეყანა დაიცალა, უყურებენ მაინც სტატისტიკას, რამდენი ადამიანი მიდის ყოველ წელს ქვეყნიდან? დენი – არა, გზა – არა, წყალი – არა, ინტერნეტი – არა. ახალგაზრდები როგორ უნდა დავაკავოთ რაიონებში? რა ვუთხრათ, როდემდე ითმინონ? დასაქმებაზე საუბარიც კი ზედმეტია.
დადის ეს კაცი (ილია ინჯია) და ტელევიზორ–ტელევიზორ იძახის, მთავარი პრიორიტეტი ამ 4 რაიონში, გზის და წყლის პრობლემააო. მერე? რა გაკეთდა ამისათვის 12 წელია? განა რამდენნი ვართ ამ ქვეყანაში და განა რამხელაა ეს ქვეყანა? ჩამოვლენ 4 წელში ერთხელ, გაივლიან, გზა არ გაქვთ? არც წყალი? – უი, უი, ნწ, ნწ – იტყვიან, დაგვპირდებიან გაკეთებას და წავლენ. შეიძლება იმიტომ არ აგვარებენ ამ ელემენტარულს, მერე მეტი რომ არ მოვითხოვოთ, – სამსახურები მაგალითად.
თავად ამბობს, ოცნების მმართველობიდან 12 წლის მერე რეგიონებში გზის და წყლის პრობლემააო და ამ ელემენტარულს რომ ვერ მოაბა თავი, იმ მთავრობას ხმა რატომ უნდა მივცე? ილია ინჯიას გამო? თავად კი აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოსხმული წყალი იყიდოს და ჩვენ დასაბანი, გასარეცხი, დასალევი წყალი რომ ვიყიდოთ, მშივრები დავრჩებით. ისე აქვს მიგდებული იატაკზე, იავნის კუთხეში წყლის ბოთლი, ალბათ, მიგვანიშნებს, თქვენც იყიდეთ ჩამოსხმული წყალიო, ვიყიდით, ბატონო, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, არა.
პასუხსაც ასეთს მიიღებენ, რისი საშუალებაც დაგვიტოვეს.”
“ილია ინჯიაზე გვითხრეს, რომ ის არის ოცნების დელეგატი, ესე იგი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ხომ? მერე ეს დელეგატი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ გვაჩენებს მისი წინაპრების აშენებულ სახლს, რომელიც არის მისთვის ძეგლიც და სიამაყეც და რას ვხედავთ, ჭიშკარსაც ჟანგი ჭამს და აივანსაც. რემონტზე ხომ არ ვსაუბრობ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სადაც მუდმივად ცხოვრობს, სუპერთანამედროვე რემონტი ექნება გაკეთებული, ამ დროს მის “ძეგლს და სიამაყეს”, მის მამაპაპისელ ეზო–კარს ჟანგი ჭამს!
ოცნებას ეს კაცი ეამაყება, აბა, ისე, თავის წარმომადგენლად ხომ არ დააყენებდა? ამ კაცს ეამაყება ეს თავისი სახლი და მის კარ–მიდამოს ჭამს ჟანგი! ესე იგი, ოცნება თვლის, რომ ხმა უნდა მივცე იმისათვის, რომ მისი დელეგატის კარ–მიდამოს ჭამს ჟანგი? და თუ ჭკვიანად მოვიქცევი, ჩემ სახლსაც შეჭამს ჟანგი? ბოდიში, მაგრამ ძალიან სულელი არ ვიქნები ახლა ამათ რომ მივცე ხმა? ჟანგით შევალთ რუსეთში? თუ რას გვეუბნებიან ამით, ვინმემ ამიხსნას… კაცი, რომ თავისი პაპის სახლს ჟანგს შეაჭმევინებს, ის მე ამაშენებს?
ფული რომ არ ჰქონდეს, კი, ბატონო, მესმის, დავეხმარებოდით, იმას მაინც არ ამბობდეს, ეს ჩემი ძეგლი და სიამაყეაო, თქვას, ფეხზე მკიდიაო და კი, ბატონო, გასაგები იქნებოდა. ჩამოვიდა იმ თავისი ძვირადღირებული მანქანით და გვაჩვენებს, როგორ აჭმევინებს ჟანგს მის “ძეგლსა და სიამაყეს”. ამას ხმა რატომ უნდა მივცეთ, ამიხსნას ირაკლი ზარქუამ, ეს რომ წარმდგენია, იმ გუნდს ხმა რატომ უნდა მივცე, ამიხსნას კობახიძემ.
ბუების და ხიხიების, დევების და ალქაჯების ეშინია მას, ვისაც რაღაც აქვს წასართმევი, ჩვენ აღარაფერი დაგვიტოვეს, ახლა ჟანგსაც გვახარბებენ და თავად იყვირონ და თავადვე ეშინოდეთ.”
“დადის და გვატყუებს, აფხაზეთს დავიბრუნებთო, ბოდიშითო, არ უსმენენ და უყურებენ რას პასუხობენ რუსეთიდან? თუკი აღიარებთ რომ საქართველოა დამნაშავე, მეტ მიწას წავიღებთო და აღიარებასაც მივაღწევთო, რომ დააწიეს ნათქვამი, ეგ არ მოუსმენია?
ისე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სანამ ბაჩი იყო, ასე ვიცნობდით მარტვილში, და სანამ ჯერ ილია და მერე ბატონი ილია გახდებოდა, მანამდე ბევრად ხალისიანად ცხოვრობდა და ბევრად ფერადად ეცვა. გადახედეთ მის ძველ ფეისბუქ გვერდს, ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორი ჩაცმის გამოც ახლა მისი გუნდის წევრები ჩვენ შვილებს ქაჯებს და სატანის მოციქულებს ეძახიან. ახლა ბატონი ილიაა, ახლა ოცნების დელეგატია და ახლაც ისე ვეღარ თუ აღარ იცვამს, როგორც მის სულს და გულს უხაროდა, ახლა ბაჩიც აღარაა. დღეს არაფერზე ეტყობა, რომ ბედნიერი იყოს იმით, რასაც აკეთებს, ყოველთვის ასე ემართება ადამიანს, რომელსაც არ სჯერა იმის, რასაც აკეთებს, როცა რაღაცას რამის, ვინმეს გამო აკეთებს. გულწრფელად მეცოდება და ვწუხვარ” – ეს კიდევ ერთი გზავნილია მარტვილიდან.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ილია ინჯიას 2019 წელს აფხაზეთის დაბრუნების საკუთარი გეგმაც ჰქონია. 2019 წელს, განსხვავებით დღევანდელი, ცალმხრივი ბოდიშისგან, ილია ინჯიას მიაჩნდა, რომ თურმე, ორივენი დამნაშავეები ვიყავით და გამოუცდელები. რუსეთს ილია ინჯია, არც მაშინ ახსენებდა:
“ეხლა უნდა ვაკეთებდეთ დიდ გენერალურ გეგმას ამ კუთხის აღდგენის და განვითარების შესახებ. უნდა ვიცოდეთ ეს რა დაგვიჯდება, უნდა დავთვალოთ და მერე ამ გეგმით მივიდეთ აფხაზებთან და ვკითხოთ!!!! გინდათ ეს გავაკეთოთ ერთად?!!! დავივიწყოთ ის რაც ცუდი მოხდა სადაც ორივე მხარე ვიყავით დამნაშავეები და გამოუცდელები. ეს წესებიც უნდა გავწეროთ ძალიან დეტალურად!!!! მე ვფიქრობ ეს ის გეგმაა რომელიც აუცილებლად გაამართლებს!!!!!!”
“უსაქმურო, კორუმპირებულო მონებო, პირველი სკოლა დაუბრუნეთ ქალაქს!
ააშენეთ სკოლა!
1000-მდე ბავშვი როგორ დაეტევა 24 სასწავლო კაბინეტში?
როგორ უნდა დაიცვას თავი დაავადებებისგან ხუთ უნიტაზიან საპირფარეშოში ბავშვმა?
რომ დაშალეთ სკოლა და აშენებას არ დააყენეთ საშველი, ეგ არ გაწუხებს შენ,ზარქუა?
როდის აშენდება წალენჯიხის პირველი სკოლის შენობა??” – ეს კომენტარი ილია ინჯიას ერთ–ერთ ვიდეოზე დაწერა მოქალაქემ, მისთვის არავის უპასუხნია, ისევე, როგორც სხვა კომენატრებისთვის:
რას ფიქრობს უკრაინის ომზე ილია ინჯია? – ამ კითხვის პასუხს მის ახლანდელ, დელეგატისეულ გვერდზე ვერ ნახავთ, თუმცა, 2022 წელს, წერდა:
“უკრაინამ იმდენი იარაღი დაარიგა მოსახლეობაში, არამგონია ევროპას ამდენი შეიარაღებულის მიღება აწყობდეთ კავშირში. ასერო მაგას ჩვენ უნდა ვითხოვდეთ ალბათ! მე ვამაყობ რო ქართველი ვარ! მე ვამაყობ, რო მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვეხმარებით უკრაინელ ხალხს. “გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”.
მართალია, ქართული ოცნება გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი დემოკრატიულად მიდის, მაგრამ ილია ინჯია, 2022 წელს თვლიდა, რომ ჩვენი წამალი, დიქტატურაა.
“დიქტატურაა ჩვენი წამალი რა. ენატრება ამ ხალხს დიქტატურა, ყველა მოსახვევში ვეძებთ კარგ დიქტატორს და მერე რო ვიპოვნით ახლის ძებნას ვიწყებთ.”
არის თუ არა, ბიძინა ივანიშვილი ილია ინჯიას მოსაწონი დიქტატორი, თუ ახლის ძებნა დაიწყო უკვე? – ამ კითხვაზე პასუხსაც იმედია, ოდესმე მივიღებთ. თუმცა, შვილი ინჯიას ამ ფრაზამ გაგვახსენა მამა ინჯიას ნათქვამი: “სიმკაცრე უხდება ხალხს და უყვარს უფრო მეტად.”
სხვათა შორის, ბარემ აქვე გეტყვით, რომ ილია ინჯიას მრავალი ჰობი აქვს, ასე მაგალითად, 2014 წელს, წერდა:
“კომუნისტების დროინდელი ელექტრო წვერის საპარსების სახელი ხო არ გახსოვთ ვინმეს, მაგის ყუთი მინდა შიგნიდან ლურჯი რო იყო.”
დღეს, 2024 წელს, უკვე ოცნების დელეგატს, კომენტარებში მოქალაქეები ურჩევენ უფასო ჰაერს მაინც დაპირდეს მოქალაქეებს, თუმცა, არც ამ რჩევას პასუხობს.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ილია ინჯიას გვერდზე ხშირად წერენ, და მოქალაქეებიც გვიყვებიან, რომ კომენტარების ნაწილი იშლება. მაგალითისთვის, ერთ–ერთ ბოლო პოსტზე მითითებულია, რომ 18 კომენტარი აქვს, თუმცა, რეალურად, 11 კომენტარი გხვდება.
არის ერთი კომენტარი, რომლის ავტორმაც არაერთხელ მიმართა ილია ინჯიას სოციალურ ქსელში, თუმცა, მას არც დელეგატი პასუხობს და არც დელეგატის აპარატის წარმომადგენელი იგივე გზით:
“ენგურჰესის კაშხალზე მჯერა ინფორმაცია დეტალურად გექნებათ, იქ ფუნქციონირებად ,,ენგურისანტრაქციაზეც”, ტურებზე მსურველებისთვის.ამაზე არანაირი პრეტენზია არ გვაქვს,მაგრამ, კაშხლის შენობის ნახვა, გადასახედიდან თვალის შემოვლება ფასიანია!6 ლარი ერთ პირზე!ეს კი არასწორი გადაწყვეტილებააა. ინფრასტრუქტურა მისასვლელამდე არ ითხოვს განსაკუთრებულ მოწყობას,არც უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებია დასაცავი,რაც ისედაც არ გაუჭირდება ენგურჰესის დირექციას. ჩვენი, ჩვენი სტუმრების, ახალგაზრდების და მოსწავლეების ხარჯზე კერძო ბიზნესის გამდიდრება ყველას კუთნილ, უნიკალურ შენობის ნახვით უხერხულიცაა და უსამართლოც. პირადად მე წლების განმავლობაში სტუდენტებს, მოსწავლეებს ადგილზე ვაცნობდი და ვუხსნიდი შესაბამის თემას, რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივი და საინტერსო იყო! ახლა კი? სწორედ ამ საქმის გარკვევას და დადებითი პასუხს გთხოვთ. უფასოდ ნახვა კაშხლის ნაგებობის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ამ საკითხის არჩენებამდე მოგვარება გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი გუნდისთვის. მადლობა წინასწარ.”
როგორც ზემოთ გითხარით, ამ მოქალაქის მცდელობის, ხმა მიაწვდინოს ილია ინჯიას, შედეგი სოციალურ ქსელში არ ჩანს. მას მხოლოდ ერთი პასუხობს, ისიც მოქალაქე და წერს: “კაშხლიდან ოთხ კილომეტრში ხოკოს უბანში შუქის მიყვანა ვერ მოხერხდა, 30 წელია.”
წერილები და ზარები, რომლებიც ალიაში შემოდის, როგორც თავშივე ვთქვი, იმდენად ბევრია, რომ ყველას გამოქვეყნებას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. თუმცა, დავახარისხეთ ისინი მუნიციპალიტეტების მიხედვით და ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ.
ცხადია, ამ წერილებსა და ზარებში, მოქალაქეები არაფერს ისეთს, რაც დელეგატებმა ისედაც არ იციან და ისედაც არ უწერენ გვერდზე, არ გვიყვებიან, პრობლემა ისაა, რომ დელეგატების გვერდზე ვინ რას წერს, დიდად ყურადღებას არავინ აქცევს, ხალხის ხმა, ისევ იკარგება, სამწუხაროდ.
რაც შეეხება, ფრიდონ ინჯიას:
გამოცემა “აი, ფაქტი” წერდა, რომ ფრიდონ ინჯიას განათლება რუსეთში, პეტერბურგის ბონჩ-ბრუევიჩის სახელობის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში აქვს მიღებული. Პროფესიით, რადიოკავშირგაბმულობის და რადიომაუწყებლობის ინჟინერია. Პარლამენტარ ინჯიას, მის მეუღლეს და ორ შვილს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ფრიდონ ინჯია პარლამენტის მიღმა ბიზნესსაქმიანობითაცაა დაკავებული. Მას წილები აქვს 12 შპს-ში. კომპანიები, ძირითადად, კავშირგაბმულობის და ტელეკომუნიკაციის მომსახურებას ეწევიან. Მაგალითად, 46%-იანი წილი აქვს შპს ახალ ქსელებში. Პარლამენტარი ჩართულია აზარტული თამაშების ბიზნესშიც და ფლობს ვალუტის ჯიხურებს.
2022 წელს ფრიდონ ინჯიამ 186 075 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა.
დოკუმენტში ასახულია, რომ ფრიდონ ინჯიამ სხვადასხვა დროს შეიძინა 3 მსუბუქი ავტომობილი, რომელთა ღირებულებაც 200 000 ლარიდან 113 600 ევრომდეა.
დეკლარაციის მიხედვით, მსუბუქ ავტომობილს ფლობს მისი მეუღლე, ლალი რუხიაც. დოკუმენტში 11 500 ლარის ღირებულების ცეცხლსასროლი იარაღი კი ნაჩუქარ ნივთადაა გაფორმებული.
დეკლარაციის დოკუმენტის პირველი 9 გვერდი შევსებულია იმ უძრავი ქონების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების სიით, რომელსაც ფრიდონ ინჯია და მისი მეუღლე სრულად ან ნაწილობრივ ფლობენ. ოჯახი დიდძალ ქონებას ფლობს როგორც ლარში, ასევე დოლარშიც. ჯამში ფრიდონ ინჯია და მისი მეუღლე საქართველოს ტერიტორიაზე 1.181 მილიონი ლარის და 900 000-მდე დოლარის ღირებულების უძრავი ქონების 100%-ს ფლობენ.
ფრიდონ ინჯია არაერთი ცნობილი ფრაზის ავტორია, მაგალითად:
„ხომ არ დადგა დრო, „Мир-ის“ სისტემას შევუერთდეთ? ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ“
“ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი”
“მადლობა ალჟირს და თურქეთს, უკვერცხოდ და უნიოროდ რომ არ დავრჩით.”
“წყვილ დღეებში წყვილციფრიანი ნომრებით მანქანებმა იმოძრაონ, ან რაღაცა” და ა.შ.
“ან რაღაცა” ამბობს მამა ინჯია და რა სიმბოლურია, რომ შვილი ინჯიას წინასაარჩევნო კამპანიასაც ასე უწოდებენ მოქალაქეები მარტვილიდან – “რაღაცა”. საინტერესოა, ხმებში როგორ აისახება მოსახლეობის წყრომა ამ “გაურკვეველ რაღაცაზე”, რასაც მოქალაქეების თქმით, ილია ინჯია და ირაკლი ზარქუა წინასაარჩევნო კამპანიად ასაღებენ.
კომენტარები