ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, ისინი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
როგორც თორნიკე დავლაშერიძის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქნის მე-15 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.
„მას ამნისტიის საფუძველზე 1/6 მოაკლდა. საპატიმრო უკვე დატოვა“,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საპატიმრო 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულმა კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა, თუმცა ვინ, ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სულ 27 პირი იყო დაკავებული მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს. ნაწილს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს ჯგუფურად. რამდენიმე პირს ასევე ბრალი წაუყენეს 117 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილითაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად გენდერის ნიშნით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.
კომენტარები