ნანა სულავა
1989 წლის აპრილის პირველი რიცხვებია… გაგანია მიხეილ გორბაჩოვის „პერესტროიკაა“… ანტიკომუნიზმი ბობოქრობს… პარტიის პროგრამითაც კი უკვე შეწყდა კომუნიზმის მშენებლობა და დაიწყო დემოკრატიზაციის პროცესი. რუსთაველის პროსპექტზე არასანქცირებული აქციები მიმდინარეობს…
გაზეთი „კომუნისტი“, სადაც მე იმ დროს ვმუშაობდი, გარდაქმნის პოლიტიკის იდეოლოგიური იარაღი იყო. მართალია, გაზეთს სახელად „კომუნისტი“ ერქვა, მაგრამ იქ მარქსისტები და ლენინელები არ მუშაობდნენ, თუმცა კარიერისთვის გულის ჯიბეში პარტბილეთი მაინც ედოთ.
რა ხდებოდა 9 აპრილის ტრაგედიის წინ „კომუნისტის“ რედაქციაში? ჩვენ ნათლად ვხედავდით, რომ წერტილი ესმეოდა ქართულ საბჭოთა ჟურნალისტიკას. მახსოვს, „კომუნისტის“ დიდი დერეფანი ხალხით იყო სავსე. რას არ გაიგებდით აქ, ზოგი მიტინგების მოსალოდნელ მძიმე შედეგებზეც კი საუბრობდა. წინდაუხედავი უნდა ყოფილიყავი, რომ ამაზე არ გეფიქრა, რესპუბლიკის მოედანზე, რედაქციიდან სულ ასიოდე მეტრში, მედესანტეთა რამდენიმე ათეული საბრძოლო მანქანა იდგა, რომლებშიც მედესანტეები ისხდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი რეზინის ხელკეტებით არ იყვნენ შეიარაღებულები. მათ წელზე შემორტყმული სასანგრე ნიჩბები ჰქონდათ. ამდენად, ნათელი უნდა ყოფილიყო, რა ხასიათის დარბევა მოხდებოდა და რა შედეგებით დასრულდებოდა ის. ასე რომ, ნებისმიერი დემაგოგია იმის შესახებ, რომ არ ველოდით დარბევას და მსხვერპლსო, არის ტყუილი. მიუხედავად ამისა, როგორც გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციის, ისე გამომცემლობის სხვა ჟურნალ-გაზეთების თანამშრომლები, არასანქცირებულ მიტინგებზე ათენ-აღამებდნენ. ერთი სიტყვით, ვითომ კომუნისტები ანტიკომუნისტურ მიტინგებს არ აცდენდნენ. ვინმეს წარმოუდგენია, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები კომუნისტური მიტინგების მხარდასაჭერად მისულიყვნენ? ამიტომ მოაზროვნე მკითხველი არ უნდა შეცდეს. გაზეთს ფორმალურად ერქვა „კომუნისტი“, თორემ იქ იდეური კომუნისტები არ მუშაობდნენ. ახლა „ნაცებმა“, „ქოცებმა“ და „გირჩის“ დაბოლილმა ახალგაზრდებმა შეიძლება 9 აპრილის მემორიალთან სანთლის ასანთებად არც მიუშვან ის ადამიანები – თქვენ კომუნისტები ხართო.
7-8 აპრილს „კომუნისტის“ გამოცდილი კორესპონდენტები უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და საწარმოებში მიავლინეს, რათა თავიანთი თვალით ენახათ, თუ რა მდგომარეობა იყო. გაირკვა, რომ ვითომ „ეროვნულებს“ სკოლებიდან მოსწავლეები გამოჰყავდათ და მიტინგებზე მიჰყავდათ. მახსოვს, „კომუნისტის“ ეკონომიკის განყოფილების უფროსი, თავისი საქმის პროფესიონალი ჟურნალისტი შოთა ამაშუკელი როგორ წუხდა, პირდაპირ ამბობდა, ახლა ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ცოტა ხანში ქვეყნის ეკონომიკა განადგურების პირას მივაო. მოჰქონდათ ინფორმაციები დიმიტროვის საავიაციო ქარხნიდან – ოთხასამდე მუშა გაიფიცაო. ანალოგიური მდგომარეობა იყო კიროვის ჩარხმშენებელ ქარხანაში და მაუდ-კამვოლის კომბინატში. 60-70 კაცს, რომლებიც ვინაობას არ ამხელდნენ, თურმე საწარმოებიდან გაჰყავდათ მუშები. საინტერესოა, ვინმე ზეინკალ ანდრო ტაბატაძის სიტყვები: „სამუშაო საათების შემდეგ წავედი მიტინგზე და გაოცებული დავრჩი. ამ აქციის მოთავე ირაკლი წერეთელი ისეთ მოწოდებებს აკეთებს, რომ მათ ქვეყნის გაჩერება და მოსპობა უნდათო“. ცხონებული შოთა ამაშუკელი ამბობდა, ეს ზეინკალი რომ აზროვნებს, ასე ინტელექტუალები ვერ აზროვნებენო. იმ მუშის არ იყოს, სამ წელიწადში ყველაფერი გაჩერდა და ათწლეულობით შექმნილი წარმოების საშუალებების ძარცვა და დაყაჩაღება დაიწყო მასიურად. ასეულობით ფაბრიკა-ქარხანა ჯართად გაფორმდა და უცხოეთში იქნა გაყიდული. მაგალითისთვის, მარტვილის ცნობილი ჩაის ფაბრიკა, რომლის დირექტორი მამაჩემი იყო,1 ლარად ჩაიგდო ხელში ფრიდონ ინჯიამ და ახლა იქ ევროპულ სოციალიზმს აშენებს. მამაჩემს და ათასობით ადამიანს ამ ფაბრიკის აღორძინების საქმეში სისხლი ჰქონდა ჩაქცეული. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ისტორიას ვერავინ გადაწერს და ვერ გააყალბებს, რამდენიც უნდა იყბედონ ახლა პარლამენტის მაღალი ტრიბუნებიდან.
მივყვეთ ქრონოლოგიას: ეს აქციები 4 აპრილს დაიწყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ, ხოლო 5 აპრილიდან გააგრძელა „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ თავმჯდომარემ ირაკლი წერეთელმა. სრულიად უმიზეზოდ რუსთაველის პროსპექტზე გამოიყვანეს ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა. ეს იყო მომიტინგეების გაღიზიანება. ხელოვნური მეთოდებით ხდებოდა პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. ახლა ისმის ლოგიკური კითხვა: 4 აპრილს რატომ მივიდა ხალხი მთავრობის სახლთან? რატომ და, მიზანი იყო, გაეპროტესტებინათ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, 18 მარტს გამართული სეპარატისტების თავყრილობა, რომლებიც მოითხოვდნენ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან და რუსეთის ფედერაციის საბჭოთა რესპუბლიკასთან შეერთებას. აი, ამიტომ მივიდა ხალხი იმ მიტინგზე. ირაკლი წერეთელმა კი მიტინგის მიმართულების შეცვლა სცადა… ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ შემოვარდებოდნენ ხოლმე რედაქციაში ვითომ ეროვნულები და კატეგორიულად ითხოვდნენ სხვადასხვა მასალების გამოქვეყნებას.
ირაკლი წერეთლის პოლიტიკურ მოქმედებებზე მისი მამა, გაზეთ „თბილისის“ ჟურნალისტი სიდამონ წერეთელი „კომუნისტის“ ფურცლებიდან ხმამაღლა აცხადებდა, ჩემს შვილს ახასიათებს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ქმედებები და ვერაფერი შევასმინეო, მაგრამ როგორც თენგიზ კიტოვანმა არ გაითვალისწინა მამამისის, შოთა კიტოვანის სიტყვები, ესენი ქვეყანას და ხალხს დაღუპავენო, ისე არ დაიჯერეს ირაკლი წერეთელმა და მისმა მხარდამჭერებმა სიდამონ წერეთლის გაფრთხილება. ასე რომ, როდესაც მე ირაკლი წერეთლის პოლიტიკურ მოქმედებებს ვაკრიტიკებ, მას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ჩემზე დიდი ხნით ადრე ის მშობელმა მამამ გააკრიტიკა.
ირაკლი წერეთელი ვერც იმ ფაქტს გაექცევა, რომ 9 აპრილს მიტინგიდან გაიქცა და მისგან მოტყუებული გულანთებული ადამიანები განსაცდელს შეატოვა. ასე გაიქცა ის 1989 წლის 23 ნოემბერსაც, როცა ცხინვალის მისადგომებთან ავტობუსებით ხალხი მიიყვანა, იქ მიტინგი უნდა გავმართოო. ცხინვალის მისადგომებთან შეკრებილ ოსებს დაუძახა, ომს გიცხადებთო და, როგორც კი საფრთხე იგრძნო, თვითონ დაითესა. ამიტომ უნდა ვთქვათ სიმართლე. მე ვნახე ირაკლი წერეთლის მიტინგი. ეს მიტინგები ეროვნული ერთიანობისკენ არ იყო მიმართული და არც ტერიტორიული მთლიანობისკენ. მათ ეროვნულები ერქვათ, თორემ ისეთივე „მჭამელები“ იყვნენ, როგორიც ჭიჭე ვაშაძე, ამას წინათ უზენაესი საბჭოს ვითომ სესიის გამართვა რომ უნდოდა, მაგრამ მთელი სესია ეძინა და ჭამის დრომ რომ მოუწია, მხოლოდ მაშინ გამოეღვიძა. ჰოდა, ირაკლის მიტინგი ჩემი თვალით რომ ვნახე, აქციებს მას მერე არ გავკარებივარ. ან იქ როგორ მივიდოდი, როცა ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას „ედპ“ ბოთეს ეძახდა? როცა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ მკვლელობას უმზადებდნენ? იმ აქციებზე ზვიადისა და მერაბის პოლიტიკური ხაზი არ ტარდებოდა. ასე რომ ყოფილიყო, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე იმ აქციებზე არ მივიდოდა. ლანა ღოღობერიძე არასდროს დასწრებია ზვიადისა და მერაბის მიტინგებს, მაგრამ ამ აქციებზე ზვიადი და მერაბი ჩვეულებრივად დადიოდნენ.
ახლა დავუბრუნდეთ ისევ რედაქციას და გამომცემლობას. 9 აპრილი ახლოვდებოდა. რედაქციაში ჩემი მეგობარი კოლეგა-ჟურნალისტები ლეილა კილაძე და დალი გურგენიძე 9 აპრილის მიტინგზე მიიჩქაროდნენ. მეც მკითხეს, არ მოდიხარო? უარი ვუთხარი და ჩემი პოზიცია აღარ დავმალე, – თქვენც ნუ მიდიხართ-მეთქი. აბა, რა გინდა, რუსებიო? აი, ზუსტად იგივე ხდებოდა 34 წლის წინათ, რაც დღეს ხდება.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მიხეილ გორბაჩოვი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. ეს ნორვეგიის პარლამენტმა გააკეთა. ახლა ნორვეგიის ერთ-ერთმა საპარლამენტო პარტიამ მეორე მიხეილს, ჩვენი ქვეყნის დამაქცევარს, ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდო გადასცა. 9 აპრილის დანაშაულებრივი ბრძანების შემსრულებელი როდიონოვი კი დაპატიმრების ნაცვლად დააწიაურეს. 9 აპრილის მოვლენების ცრუ გამოძიებით პეტერბურგის მერი გახდა ანატოლი სობჩაკი. შეიძლება, ვინმე შემომედავოს, სად ანატოლი სობჩაკი და სად ირაკლი წერეთელიო. ირაკლი წერეთელს რომ არ შეექმნა ის პოლიტიკური მოვლენები, ვერც სობჩაკი შექმნიდა ცრუ გამოძიებას. აი, ვინ ისარგებლა 9 აპრილით…
რაც შეეხება იმას, თუ 9 აპრილის შემდეგ რა ბედი ეწია გაზეთ „კომუნისტს“, მას სახელი შეეცვალა მაშინ, როდესაც საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო იქნა არჩეული. ფსევდოკომუნისტებმა აქ წააგეს და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია. შემდეგ დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის მიერ „დიქტატორად“ წოდებული ზვიად გამსახურდია შეხვდა გაზეთ „კომუნისტის“ ყოფილ რედაქტორს, მინდია უგრეხელიძეს და უთხრა, მე ხელს არ შეგიშლით მუშაობაში, ყველამ განაგრძეთ მუშაობა ჩვეულ რიტმშიო. მინდია უგრეხელიძე კი სულ მალე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა. აი, ასეთი „დიქტატორი“ იყო ზვიად გამსახურდია.
კომენტარები