ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
– მედიამ გაშიფრა სუს–ის ის აგენტები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მერობისა და გამგებლობის კანდიდატებად წარადგინა ამ არჩევნებზე. თითქმის ყველა კანდიდატი, ან სუს–ის ფარული აგენტია, ან ყოფილი თანამშრომელი, ან შსს–სა და პროკურატურაში მუშაობდნენ წლების განმავლობაში.
– ხელისუფლებას მარტო ამ ჩანაწერების პრობლემა არ აქვს, ესენი სუს–ის მეშვეობით აპირებდნენ არჩევნების მოგებას და ასევე, ფარული მეთოდებით. ჯერ ერთი, პირდაპირ სუს–ის ფარული აგენტები წამოაყენეს მერობისა და გამგებლობის, საკრებულოს წევრობის კანდიდატებად. გარდა ამისა, სუს–ს უნდა მოეგო ეს არჩევნები ამ ფაილების მეშვეობით, შანტაჟით, დაშინებით, მუქარით… ახლა კი სუს–ი, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ვინ უნდა დააშანტაჟოს ახლა სუს–მა კომპრომატებით? ხომ ეტყვის ნებისმიერი, ვისზეც სუს–ს კომპრომატები აქვს, ყველაფერი გამოიფინა და რაც არც არ გამოფენილა, ხვალ–ზეგ გამოიფინება, შენი კომპრომატებისა აღარ მეშინია, მაგათ ფასი დაკარგესო? ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ხელისუფლებისთვის, რადგან სუს–ზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მოგება. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასე მოხდა, მთავარი ბერკეტი არჩევნების მოგებისა, სუს–ი ხელიდან გამოეცალა ხელისუფლებას, სუს–ი უკვე განეიტრალებულია. რაც შეეხებათ ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც სხვა და სხვა რანგის პოსტებზე კანდიდატებად წარადგინა ხელისუფლებამ, ეს უკვე ხელისუფლების სრულად, ძალოვანებით გაკონტროლების მცდელობაა. როდესაც არ გაგაჩნია სურვილი, და რესურსი, რომ დემოკრატიული მეთოდებით მართო ქვეყანა და ამ გზით, ხელისუფლება შეინარჩუნო, მაშინ ხელისუფლებაში დარჩენის ტოტალიტარულ მეთოდებს უნდა მიმართო და ეს ძალოვანი სტრუქტურების გადასროლაა ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაში. იქაც, სადაც ძალოვანებს არაფერი ესაქმებათ – პარლამენტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე, არაძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელებლად… ფინანსურ ნაკადებს მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს და როდესაც ძალოვანებს და ფინანსურ ნაკადებს აკონტროლებ, ეს ნიშნავს, რომ აკონტროლებ ხელისუფლებას. მსხვილ და საშუალო ბიზნესს სრულად აკონტროლებენ. ერთეულების გარდა, გინახავთ ბიზნესმენი, რომელთაც ოპოზიციური პარტიები დაეფინანსებინოთ? ლამის ყველა ბიზნესმენი „ქართულ ოცნებას“ აფინანსებს და უმეტესობა, ცხადია, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ძალიან მცირეა იმ ბიზნესმენთა რაოდენობა, რომლებიც ოპოზიციას ღიად აფინანსებენ.
– ეს ყველაფერი არჩევნებზე როგორ იმოქმედებს?
– ეს „ქართული ოცნების“ კატასტროფა იყო. სისტემურად, ფაქტობრივად, დასრულებულია ეს ხელისუფლება. რა მოხდება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენ არც ოპოზიცია გვყავს წელში გამოყვანილი. ეს მოსმენები ამათი მოგონილი ხომ არ არის? 2012 წლის არჩევნების წინ უამრავი სატელეფონო ჩანაწერი ტრიალებდა, მათ შორის, ჩემი და ირაკლი ღარიბაშვილისა. ჩემს ცოლს და შვილს რაზე ველაპარაკებოდი, ესეც კი გაუშვეს არჩევნების წინ. თუმცა, დღეს მოსმენების მასშტაბები ბევრად უფრო გაზრდილია. მაშინ თუ უსმენდნენ იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ რისკს წარმოადგენდა, ახლა, პრაქტიკულად, ყველას უსმენდნენ. ამ ჩანაწერების 90% ხომ ნაგავია? ჩეულებრივი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებია, რომლებიც არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენენ. დავალება აქვთ, რომ მოუსმინონ და უსმენენ.
– იდეა გქონდათ, შექმნან ჭორიკანა ქალების გაერთიანება და სუს-ს თავი დაანებონო. მაგაზე გამახსენდა, „დათა თუთაშხიაში“, მუშნი ზარანდიას ჰქონდა ჭორიკანა ქალების ქსელი შექმნილი, რომელიც ეფექტურად მუშაობდა და ურთულეს სისხლის სამართლის დანაშაულებებს ხსნიდა ამ ქსელის მეშვეობით… მგონი, კარგი წინადადება გაქვთ.
– კი, ბატონო, მიბაძონ მუშნი ზარანდიას, უზარმაზარი რესურსიც დაეზოგებათ და არც კანონს დაარღვევენ.
კომენტარები