მაღაზია ზოომარტმა მიუსაფარი ცხოველებისთვის 10 ტონა საკვები გამოყო. ამის შესახებ, ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
“როგორც იცით, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდსიტუაციის შედეგად ქუჩაში ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე. ზოომარტმა მოახდინა 10 ტონა საკვების მობილიზება, რომელიც დეკემბერსა და იანვრის თვეში უსასყიდლოდ გადაეცემა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს.
საკვების გაცემა მოხდება შემდეგი წესების გათვალისწინებით:
მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები პროდუქტის მისაღებად უნდა მობრძანდეთ სააგენტოს ცენტრალურ ოფისში (მისამართი: კ. მარჯანიშვილის 89/24), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.
თითოეულ ადამიანს საკვების მიღება შეეძლება მხოლოდ ერთჯერადად, 20 კგ-ის ოდენობით (1 პაკეტი).
გაცემა მოხდება დისტანციურად, რიგითობის მიხედვით.
შენობაში დაიშვება მხოლოდ ერთი ადამიანი პირბადის მოხმარებისა და დეზინფექციის წესების გათვალისწინებით. საკვების მისაღებად მოსულ ადამიანებს შემხებლობა არ ექნებათ სააგენტოს თანამშრომლებთან, რადგან თავიდან ავირიდოთ დაინფიცირების რისკები.
აუცილებელია, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკვების უსასყიდლოდ გადაცემის აქცია გაგრძელდება მარაგის ამოწურვამდე.
ქუჩის ბინადარი ცხოველების მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გთხოვთ, აღნიშნული საკვები მხოლოდ მათ გამოსაკვებად გამოვიყენოთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კომენტარები