ზუგდიდის ისტორიულმა ბოტანიკურმა ბაღმა 175 წლის შემდეგ ახალი სიცოცხლე შეიძინა. ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოუვლელობის გამო, ბაღი თითქმის სრულად იყო განადგურებული.
გაიწმინდა ტერიტორია, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა სარწყავი, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. ტერიტორია უზრუნველყოფილია ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით. აშენდა საპირფარეშოები და სალარო ჯიხურები, მებაღის სახლი და ორანჟერეა. ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო შიდა ბილიკები – საერთო ჯამში, ბილიკების სიგრძე რვა კილომეტრია. მოპირკეთდა ხელოვნური ტბა და წყლის არხები, აშენდა ადმინისტრაციული შენობა.
ბაღში განთავსდა 400-მდე სკამი, ნაგვის ურნები. მოეწყო გარე განათებაც. ტერიტორიაზე ირგვება 3000 ძირი სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ხე, ბუჩქი თუ დეკორატიული მცენარე.
განახლებულ პარკში შესვლა ფასიანია.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია, მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ, 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 11 მილიონი ლარია.
კომენტარები