მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა კეკელიძის ქუჩაზე გამართა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების ყოფითი პრობლემების მოგვარების გზები განიხილა და მოქალაქეებთან ერთად ის მნიშვნელოვანი პროექტები და ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა, რომლებიც უკანასკნელ წლებში უბნის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის განხორციელდა.
მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიგა ახვლედიანმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა – ლევან აბაშიძემ და ნიკო კახეთელიძემაც მიიღეს.
„მიუხედავად კონკრეტული გამოწვევებისა, დღეს საზოგადოების მთავარ მოთხოვნად დედაქალაქში და, ზოგადად, ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა რჩება. „ქართული ოცნების“ გუნდი კი, არის ერთადერთი ძალა, რომელიც სწორედ სტაბილური, თავისუფალი გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რაიონის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ის მაქსიმალურად შეეცდება, მოქალაქეების ინიციატივებს მხარი დაუჭიროს.
შეხვედრის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, ჟვანიას, შანიძისა და ხორავას ქუჩებსაც ესტუმრა, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მოსახლეობასთან როგორც საჯარო, ასევე, ინდივიდუალური შეხვედრები, მთაწმინდის რაიონის მასშტაბით, მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.
კომენტარები